მყინვარები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრე, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მყინვარებს სტიქიური საფრთხეებიც უკავშირდება, რაც შოვის ტრაგედიამ ორიოდე წლის წინ თითოეულ ჩვენგანს ძალიან მტკივნეულად შეგვახსენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მყინვარული ხეობების კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის ექსპერტ დანიელ ტობლერთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანია GEOTEST-ის ექსპერტმა, რომელთანაც მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის მიზნით ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა, კვლევის შედეგები დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურს წარუდგინა.
„პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიელ და ქართველ ექსპერტებს მყინვარული ხეობების კვლევის პროცესში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა კომპანია GEOTEST-ის გამორჩეულ გამოცდილებას მსოფლიო მასშტაბით მსგავსი საფრთხეების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის თვალსაზრისით.
მსგავსი მასშტაბის კვლევა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა, საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც არსებობს გამოწვევები და რისკების მართვის მიზნით აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება.
მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესის კოორდინაციის მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანდება ყველა შესაბამისი უწყება, რომლებიც კომპეტენციების შესაბამისად პასუხისმგებელნი იქნებიან პროცესის მართვაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.