"რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ" - ეს “ბიბლუსის“ ლიტერატურული კონკურსია, რომლის გამარჯვებულიც ვალენტინობას, 14 თებერვალს გამოვლინდება.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორიის გაგრძელება საკუთარი ხედვით შექმნათ. რა მოხდებოდა, რომეოსა და ჯულიეტას ის ფატალური გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ? როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ოცი წლის შემდეგ - სხვა ეპოქაში, სხვა ქალაქში, სხვა რეალობაში? თუ ამ კითხვებზე ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, მაშინ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღოთ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა. საკონკურსო ნამუშევარი კი მაქსიმუმ 3000 სიტყვა უნდა იყოს. მონაწილეები არ არიან შეზღუდულები ტექსტის შინაარსში. ჟანრი, ადგილმდებარეობა, გარემოება და სხვა დეტალები შეუძლიათ სურვილისამებრ შეცვალონ.
თქვენ მიერ შექმნილი ისტორია 5 თებერვალმდე უნდა გაგზავნოთ ელფოსტაზე marketing@biblusi.ge. მიღებულ ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ტექსტის ორიგინალურობაზე, კრეატიულობაზე, ხარისხსა და ემოციურ გავლენაზე. გამარჯვებულის ვინაობა კი 14 თებერვალს გახდება ცნობილი.
კონკურსის გამარჯვებული მიიღებს „ბიბლუსის“ 1 000-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს, მისი ნამუშევარი კი დაიბეჭდება. დამატებით სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით გამოვლინდება კიდევ რამდენიმე რჩეული ისტორია, რომლის ავტორებიც სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.
წესებისა და პირობების დეტალურად გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
(R)