კახა გოგოლაშვილი - კი ამბობენ, რომ ტრამპი რასაც ამბობს, აკეთებს, მაგრამ ირანის შემთხვევაში მისი სიტყვები შორს არის საქმეებისგან - აშშ არ იყო მზად ამისთვის და ვფიქრობ, სამხედრო ჩარევა მოსალოდნელი არ არის

„ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორისა და „რონდელის ფონდის“ მკვლევარის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ირანში სამხედრო ჩარევა მოსალოდნელი არ არის.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ირანში ჩარევა გაცილებით უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ავღანეთში, ხოლო ირანის თავდაცვისა და კიბერშესაძლებლობები სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს გარე ძალას. გოგოლაშვილი დასძენს იმასაც, რომ აშშ-ს ირანის დამარცხება მარტივად არ შეუძლია.

მისი შეფასებით, დონალდ ტრამპის რიტორიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალური ქმედებებისგან, „როგორც ეს უკრაინის შემთხვევაშიც გამოჩნდა“.

„არ მქონდა იმედი იმისა, რომ აშშ ჩაერეოდა. ეს იყო აშკარა, რადგან ირანში ჩარევას 5-ჯერ მეტი ძალისხმევა დასჭირდებოდა, ვიდრე ავღანეთში დასჭირდა. საინფორმაციო ან კიბერ ჩარევა რომც ყოფილიყო, იმდენად დახვეწილია ირანის შესაძლებლობები ამ მიმართულებით, შეიძლება აშშ-ს ჩამოუვარდება, მაგრამ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. როგორც ჩანს, ამერიკის დაზვერვა ვერ მოქმედებს ისე, როგორც მის შესახებ მითები არსებობს. როგორც ჩანს, აშშ-ის დაზვერვას ირანში არ აქვს მნიშვნელოვანი დასაყრდენი.

აშშ-ს ირანის დამარცხება არ შეეძლო. კი ამბობენ, რომ ტრამპი რასაც ამბობს, აკეთებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც უკრაინას შემთხვევაში, მისი სიტყვები ძალიან შორს არის მისი საქმეებისგან. ირანის წარმომადგენელმა გაეროში თქვა, რომ ტრამპის მოწოდებებმა გააღვივა დაპირისპირება. საბოლოო ჯამში, აშშ არ იყო მზად ამისთვის. ვფიქრობ, რომ არ არის მოსალოდნელი სამხედრო ჩარევა. არც ამერიკის მოსახლეობა და არც ამერიკის პოლიტიკური გარემო ტრამპს ხელს არ უწყობს, რომ მასშტაბური ომი აწარმოოს ირანის წინააღმდეგ. თან ამ ომს, ალბათ, ვერ მოიგებს. მსხვერპლი თუ არის, ის უნდა ამართლებდეს მიზანს. შეიძლება უფრო მეტი მსხვერპლი იყოს ირანში, მაგრამ ირანს ასე მარტივად ვერ დაიპყრობ“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილის განმარტებით, დონალდ ტრამპის მოწოდება ირანელი ხალხისადმი, გაეგრძელებინათ წინააღმდეგობა ამერიკული დახმარების მოლოდინში, რეალობას არ შეესაბამებოდა.

როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, შეუძლებელია შეუიარაღებელმა მოსახლეობამ ძლიერი სახელმწიფო აპარატი და უსაფრთხოების სისტემა დაამარცხოს. მისი თქმით, ირანში სამხედრო ძალაც კი სრულად არ იყო გამოყვანილი, რაც კიდევ უფრო გამორიცხავდა ხალხის მიერ ინსტიტუტების ხელში ჩაგდების შესაძლებლობას.

„ჩემი აზრით, ეს იყო მითოლოგია. შეუძლებელია შეუიარაღებელმა ხალხმა აიღოს ასეთი „ძლიერი ჟანდარმერია“, ირანს სამხედრო ძალა არც კი გამოუყვანია. ანუ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს ხალხის მიერ ინსტიტუტების აღება. რატომ მოუწოდა ტრამპმა, ესეც გასაკვირია. როგორც ჩანს, დაზვერვა არ მუშაობდა კარგად“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.

გარდა ამისა, გოგოლაშვილმა ისაუბრა გრენლანდიის საკითხზეც და კითხვაზე, რატომ უნდა დონალდ ტრამპს გრენლანდია, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ინტერესი გრენლანდიაში ძირითადად პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება.

გოგოლაშვილის თქმით, ამერიკული ბიზნესი გრენლანდიაში იშვიათი მეტალების მოპოვებისას სპეციალურ დაბრკოლებებს არ წააწყდებოდა და საჭირო ლიცენზიების მიღებას მარტივად შეძლებდა, თუმცა, მისივე შეფასებით, მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, 2026 წლის შუალედური არჩევნების კონტექსტში „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერის გაზრდაა.

„მთავარი მიზეზი ისიც კი არ არის, რომ გრენლანდიაში არსებობს იშვიათი მეტალები და ეს სჭირდება საერთაშორისო კონკურენციისთვის. გრენლანდიაში ამერიკულ ბიზნესს არანაირი პრობლემა არ დაემუქრებოდა, რომ დაიწყონ სამუშაოები, მოითხოვოს ლიცენზია და აწარმოონ იშვიათი მეტალები. მგონია, რომ აქ არის პოლიტიკური მიზანი. პირველ რიგში, რაც ადარდებს „რესპუბლიკელების“ ფრაქციას კონგრესში ეს არის 2026 წლის შუალედური არჩევნები.

ამერიკას აქვს ეს გამოცდილება: ტეხასი თავის დროზე წაართვა მექსიკას, ლუიზიანა ფრანგებისგან იყიდა, ალასკა რუსეთისგან იყიდეს და ა.შ. ეს გამოცდილება რომ არსებობს, როგორც ჩანს, ვიღაცებს ჭკუაში დაუჯდათ, რომ შეუძლიათ მიზანს მიაღწიონ ასეთი აქციით“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა