დანიის მიერ ორგანიზებული წინასწარ კოორდინირებული წვრთნები, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.
მათი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია და აუცილებელია ევროპისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
„არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, მათ შორის ნატო-ს მეშვეობით. დანიის მიერ ორგანიზებული წინასწარ კოორდინირებული წვრთნები, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენს“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.
მათი განცხადებით, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიას და გრენლანდიელ ხალხს.
„დიალოგი კვლავ აუცილებელია და ვალდებულები ვართ, გავაგრძელოთ დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის გასულ კვირას დაწყებული პროცესი. ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის. ევროპა დარჩება ერთიანი, კოორდინირებული და ერთგული საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიმართ“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10%-იანი და შემდგომ 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც მას გრენლანდიაზე არ ეთანხმებიან. ეს ქვეყნები არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ფინეთი.