„ლელო ძლიერ საქართველოს“ აუცილებლად გვექნება გიორგი ვაშაძესთან შეხვედრა - ახლა, ბრძოლის სხვა ეტაპია და ამ ეტაპს სჭირდება შესაბამისი პასუხები. ამ პასუხებთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ. სხვა სატელევიზიო მოწოდებები და რაღაც პლატფორმების და ქოლგების გაჟღერება არ მგონია ეფექტური, - ამის შესახებ "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც კოლეგებთან ერთად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ციხიდან გათავისუფლებას ელოდებოდა.
როგორც გიორგი სიორიძემ აღნიშნა, გიორგი ვაშაძესთან საქმიანი კონსულტაციები ექნებათ.
„სასიხარულო დღეა, გიორგი ვაშაძე არის თავისუფალი. ვულოცავ მისი ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება. როგორც სინდისის, სხვა პოლიტიკური პატიმრები უდანაშაულოდ ჰყავდა ივანიშვილს გამომწყვდეული საპყრობილეში. მინდა, რომ ძალიან მალე სინდისის თითოეული პატიმარი ამ ქვეყანაში ვიხილოთ თავისუფლებაზე, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ისტორია. ასეთი ინსტიტუტი საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის შემართებას, მივესალმები. სხვა მოლოდინი, ბუნებრივია, არც გვქონია. ის არის ბრძოლისთვის მზად. „ლელო ძლიერ საქართველოს“ აუცილებლად გვექნება მასთან შეხვედრა. გიორგი ჩვენი მეგობარია, მაგრამ საქმიანი კონსულტაციები გვექნება ისევე, როგორც გვქონდა ზურა-გირჩი ჯაფარიძესთან. შესაბამისად, პოზიცია ჩვენი პარტიის ყოველთვის იყო ერთი, ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული - მნიშვნელოვანია, რომ რუსულ რეჟიმს, პუტინის რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულ რეჟიმს ერთიანობით, ერთიანი სტრატეგიით და ეფექტური ბრძოლის მეთოდით დავუპირისპირდეთ.
ჩვენ ახლაც ვართ მზად იმ კონსულტაციებისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს და ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას მოემსახურება. მე არ მინდა, ამავდროულად, საზოგადოებას შეექმნას ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს ჩვენ ახლა, როგორც საარჩევნო კამპანიაში, ვსაუბრობდეთ რაღაც საარჩევნო დაჯგუფებებზე ან პარტიულ შერწყმაზე. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი პარტიების აკრძალვას აპირებს „ქართული ოცნება“. სულ სხვა რეალობის და გამოწვევის წინაშე ვართ ახლა, ბრძოლის სხვა ეტაპია და ამ ეტაპს სჭირდება შესაბამისი პასუხები. ამ პასუხებთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ და სხვა სატელევიზიო მოწოდებები და რაღაც პლატფორმების და ქოლგების გაჟღერება არ მგონია ეფექტური. საქმიან ფორმატში დავსხდებით და შემდეგ მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, განაცხადა სიორიძემ.