ლაშა ფარულავა - სუპერმარკეტების ქსელი, სადაც სუს-ი შევიდა, ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფთანაა დაახლოებული, სხვაგან რატომ არ შევიდნენ? ესეც შიდა დაპირისპირების ნაწილია - თუ ერთიანი არ ვიქნებით, ოლიგარქის მენიუში ყველა ჩვენგანია და შეგვჭამს!

სუპერმარკეტების ქსელი, სადაც სუს-ი შევიდა, ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფთან არის დაახლოებული - ამიტომ შევიდნენ და დაიწყეს გამოძიება! ესეც შიდა დაპირისპირების ნაწილია - „სმარტსა“ და “ნიკორაში“ რატომ არ არიან შესული?! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ფარულავას შეფასებით, ირაკლი კობახიძემ პროდუქტებზე მაღალი ფასების მიზეზი არა დახლებზე, არამედ საკუთარ გუნდში მიღებულ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებოს.

“ხალხს ცხოვრება კობახიძის გუნდმა გაუძვირა, როცა საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადი გააორმაგა, როცა საპენსიო სააგენტო შექმნა და დამატებითი საშემოსავლო გადასახადის გადახდა გვიწევს. მათი გადაწყვეტილებით დენზე ტარიფი ყოველწლიურად იზრდება და იცვლება ტარიფი გაზზე. ამასობაში, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, რადგან 13 წლის განმავლობაში ქვეყანამ ვერაფერი შექმნა. არაფერი გვაქვს გასაყიდი და ყველაფერს ვყიდულობთ, რაც არის “ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. არ არის კონკურენცია, რადგან მთელი ეკონომიკა მათი ჯგუფისაა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კობახიძის ინიციატივას, რომელიც სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნებას უკავშირდება, ფარულავა იმ გარემოებით ხსნის, რომ “კობახიძემ კარგად იცის, რომ ნახევრად ჩაძირულ გემშია, რომელიც მალე ჩაიძირება და პოლიტიკურად თავის გადარჩენას ცდილობს“.

“ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციასთან დალაგებას ცდილობს, მაგრამ ვერ დალაგდა. აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის პირობა პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია. “ქართული ოცნების“ მოკავშირეს ორბანს გაზაფხულზე არჩევნები აქვს და მისი დრო იწურება. “ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ის საერთაშორისო თვალსაზრისით ჩიხშია. ამიტომ ცდილობს შემოიტანოს ნარატივი, რომ ამ საბჭოთა ამფიბიას ათენური დემოკრატიის აღდგენა უნდა. ირაკლი კობახიძეს დემოკრატიულობასთან არაფერი აქვს საერთო. როცა დასჭირდა მისმა პარლამენტმა რეპრესიული კანონმდებლობა ერთ დღეში მიიღო, ერთ დღეში დაიწყო ტერორი და პოლიტიკური ლიდერები ციხეში ჩასვა.

დემოკრატია და დემოკრატიული დებატების აღდგენა უნდა დაიწყოს არა განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით - ჯერ ოპონენტები გაათავისუფლონ და შემდეგ დასხდნენ დებატებზე და დიახ, ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო კორუფციაზე და მაღალ ფასებზე, რომელიც მათი გადაწყვეტილებების გამოა.

კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ნახევრად ჩაძირულ გემშია, რომელიც მალე ჩაიძირება და ცდილობენ, პოლიტიკურად თავი გადაირჩინონ. ამიტომ დაიწყო საუბარი დებატების აღდგენაზე, მაგრამ არაფრის გამკეთებელი აღარ არიან, აღარაფრის შეთავაზება მათ აღარ შეუძლიათ, მაგრამ ცდილობენ, თუნდაც ოპოზიციაში დარჩნენ“, - განაცხადა ფარულავამ.

ფარულავამ ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, თუ ოპოზიცია არ იქნება ერთიანი მოქმედებებში, ყველა ოლიგარქის მენიუში აღმოჩნდება.

ფარულავას თქმით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წამოწყება არამხოლოდ მისასალმებელია, არამედ “ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, ამაში საკუთარი პოლიტიკური კონტრიბუცია შეიტანოს.

“რეპრესია, ტერორი, პოლიტპატიმრები, პოლიტიკური მძევლები ციხეში - ეს უკვე ყოველდღიური დღის წესრიგია. ამ დღის წესრიგის შექმნაში ივანიშვილმა, კობახიძემ და მდინარაძემ მიიღეს მონაწილეობა და რთული გზის არჩევა მოგვიწია ყველას. კომისია, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტში შეიქმნა, კანონმდებლობით ოპოზიციის ინსტრუმენტია, რათა ოპოზიციამ ხელისუფლების დანაშაული გამოიძიოს. ეს ინსტრუმენტიც, ისევე როგორც მთელი ქვეყანა, ივანიშვილმა მიიტაცა და სწორედ ამ აბსურდში არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციამ. ყველა მოხვდა ციხეში, ხოლო ის, ვინც ამ აბსურდში მონაწილეობა მიიღო, ბოლოს გერმანიაში გაიქცა.

ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული ოპოზიციური ძალები ერთიანი ვართ ორ მთავარ მოთხოვნაში - ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიების შეწყვეტა, ტერორის დასრულება და ახალი, თავისუფალი არჩევნები, ვინაიდან საჭიროა მანდატის დაბრუნება. მანდატი ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დაიბრუნოს. თავისუფალი არჩევნები იმას ნიშნავს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება საარჩევნო უბანზე გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღოს. არც დღეს და არც 24 ოქტომბერს ასეთი შესაძლებლობა ჩვენს თანამოქალაქეებს არ ჰქონდათ.

მხარდამჭერები გვიყურებენ, თუ როდის დადგება დრო, როცა ოპოზიცია კონკრეტული მოქმედების გეგმას დადებს და ამ გეგმას ეყოლება ლიდერები. ის, რაც ზურაბ ჯაფარიძემ წამოიწყო, არის არამხოლოდ მისასალმებელი, არამედ ვართ მზად, რომ ჩვენი პოლიტიკური კონტრიბუცია შევიტანოთ ამაში.

თუ არ ვიქნებით ერთიანი მოქმედებებში, ოლიგარქის მენიუში ყველა ჩვენგანია და შეგვჭამს!“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა