წარმოგიდგენიათ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო დაპატიჟებული დავოსში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო დაპატიჟებული - როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა: „როდესაც შენ არ ხარ მაგიდასთან, მაშინ ხარ მენიუში“, საქართველო დღეს აღარც ერთ მაგიდასთან აღარ არის და არის წარმოდგენილი მენიუში, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს საერთაშორისო ჩართულობა „დე ფაქტო ხელისუფლების“ გაერთიანებულ საამიროებში - წელიწადში შვიდჯერ და უნგრეთში წელიწადში რვაჯერ განხორციელებული ვიზიტით შემოიფარგლება.
„სამი წლის წინ რომ იყვნენ წარმოდგენილნი დავოსში და რომ ამტკიცებდნენ, რომ უმნიშვნელოვანესი ფორუმია და საქართველოსთვის ინვესტიციებს მოიტანს, ეს რატომ შეიცვალა ? სამი წლის წინ თუ მნიშვნელოვანი იყო, დღეს რატომ არ არის მნიშვნელოვანი, 5 წლის წინ თუ საქართველოს პრემიერი იქ მუდმივად იყო წარმოდგენილი, დღეს რატომ არ არის, თუ ტყუილად მიდიოდა, რატომ მიდიოდა? ეს არ არის ცალკე აღებული დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ძირითადად გეოპოლიტიკური საკითხები წყდება უკვე. წარმოგიდგენიათ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო დაპატიჟებული და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო დაპატიჟებული. ისიც მერე, რაც გააკეთა და დაატრიალა ირანის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ამის გამო შეუჩერეს მიწვევა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს. აქ მარტო იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ეკონომიკურად შეიძლება განსაკუთრებულად მომგებიანი არ ყოფილიყო და მაგიტომ არ წავედითო, ეს არის ამ შემთხვევაში მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი და როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა: „როდესაც შენ არ ხარ მაგიდასთან, მაშინ ხარ მენიუში“, შესაბამისად, საქართველო დღეს აღარც ერთ მაგიდასთან აღარ არის და არის წარმოდგენილი მენიუში და როცა ხარ წარმოდგენილი მენიუში, ის შენი რაც იყო, ტრანზიტი იყო თუ რაღაც, შენს გზას აღარ გაივლის და გაივლის სხვაგან. დავოსის ეკონომიკური ფორუმი კი არ არის პრობლემა, შეიძლება ერთი რომელიღაც ფორუმი გამოტოვო ყოველწლიურად, მაგრამ თქვენ დამისახელეთ ერთი რომელიმე მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც მსოფლიო პოლიტიკოსები იკრიბებიან და წარმოდგენილია საქართველო. არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, არც „გლობსეკზე“, არც სხვა რომელიმე მნიშვნელოვან ფორუმზე საქართველო აღარ არის წარმოდგენილი. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან ან გაერთიანებულ საემიროებში წელიწადში შვიდჯერ ან მიდიან უნგრეთში წელიწადში რვაჯერ, ამით შემოიფარგლება მათი საერთაშორისო ჩართულობა და ესეც ვეღარ იქნება ხვალ, დარწმუნებული ვარ, უნგრეთში როცა ხელისუფლება შეიცვლება,“ - განაცხადა რუხაძემ.
აქვე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობაზე საუბრისას რუხაძემ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი კრიტიკის ღირსადაც არ თვლის საქართველოს ხელისუფლებას. ექსპერტი ამას ერთ მხრივ პრეზიდენტ ტრამპის პირადი დღის წესრიგით და მეორე მხრივ, აშშ-სთან საქართველოს ხელისუფლების არაპროფესიონალურ და წინააღმდეგობრივ, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი პოლიტიკით ხსნის.
„ აქ ორი საკითხია- ერთი, რომ, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ტრამპი თვითონ საქართველოს ვერ ხედავს რაღაც ისეთი მნიშვნელობის წერტილად, რომელშიც მისი პირადი ჩართულობა უნდა იყოს, ისე როგორც მან დაადგინა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მისი დღის წესრიგისთვის უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ომების დასრულების დღის წესრიგში უკეთესად ჯდება, იქ კორიდორს „ტრამპის კორიდორი“ დაარქვა, რომელშიც მომავალში გაივლის ტვირთები, რომლებიც საქართველოში უნდა წამოსულიყო. მაგრამ მეორე და მთავარი ამბავია, ივანიშვილის რეჟიმის მცდელობა, რომ ძალიან არაპროფესიონალურად და ძალიან წინააღმდეგობრივად, შეურაცხყოფის დონეზე გადაყვანით ჰქონდეს კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან. შენ როდესაც ელჩზე შეტევას ახორციელებ, ქვეყანაზე ახორციელებ შეტევას, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება იმის პრეზიდენტი. ფორმა, რა ფორმითაც ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ურთიერთობის აგებას ტრამპის ადმინისტრაციასთან იმდენად შეურაცხმყოფელი და არასაქმიანია, რანაირად შეიძლება იქ რამე გამოვიდეს. „თაგვმა თხარა თხარაო და კატა გამოთხარაო“ და ვნახავ, რას გამოთხრიან ესენი, აჩვენა ტრამპმა, რომ ვიღაც ვიღაცებმა გამოთხარეს ეს კატა და ამათმაც, დარწმუნებული ვარ, შეიძლება, გამოთხარონ“, - განაცხადა რუხაძემ.
ზოგადად საქართველოს ხელისუფლების უკანასკნელი ქმედებების, კონკრეტულად კი პროტესტის მონაწილეების დაკავებების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს არის კლასიკური დიქტატურა.
„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე, რამდენად წააგავს ეს რეჟიმი რუსულ რეჟიმს, ეს კანონები და ეს ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არის კლასიკური დიქტატურა, როდესაც ადამიანებს იჭერენ ცარიელი ფურცლისთვის, ტროტუარზე დგომისთვის და იმ აბსურდისთვის რისთვისაც გიორგი ვაშაძემ, ზურა ჯაფარიძემ და კიდევ სხვებმა, გაატარეს ციხეში, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რომ არ გამოცხადებულიყვნენ ამა თუ იმ კომისიაზე. პოლიტიკოსი სწორედ იმისია, რომ მისი გადასაწყვეტია, პარლამენტში მივა თუ არ მივა ამ თუ იმ კომისიაზე. საზოგადოებამ ეს უნდა დაინახოს, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩება ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში, მით უფრო უარეს ქვეყანაში აღმოვჩნდებით, იმიტომ, რომ აქ უკეთესი ვარიანტი არ არსებობს, ეს ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უარეს რაღაცებს გააკეთებს, სანამ ჩვენ არ მოვახერხებთ მათ გაშვებას ხელისუფლებიდან. ეს არის აბსურდი, რანაირად შეიძლება ადამიანი ციხეში გაუშვა იმისთვის, რომ ტროტუარზე იდგა.
გიორგი ვაშაძეს ვულოცავ თავისუფლებას, დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი ენერგიით ჩაერთვება პოლიტიკაში და ხელს შეუწყობს ოპოზიციის გაძლიერებას, რაც მთავარია გაერთიანებას,“ - განაცხადა რუხაძემ.