არანაირი სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა არ იგეგმება, პირიქით, ხდება ირაკლი კობახიძისა და მისი მთავრობის ძალაუფლების კონსოლიდაცია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ძლიერი საქართველოს“ დეპუტატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩერქეზიშვილმა მთავრობის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა გააკრიტიკა და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების უზარმაზარ ნაწილს სრულად გააკონტროლებს, ეს მოსპობს კონკურენციას, გაზრდის ფასებს და გააუარესებს ხარისხს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც, ფაქტობრივად, გააჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გაყინა მოლაპარაკებები, მიზეზად იშველიებს ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ქმნის ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, რომელმაც უნდა განახორციელოს ცენტრალიზებული შესყიდვები. რა თმა უნდა, ამას არაფერი აქვს საერთო, სახელმწიფო ინტერესებთან, ეს არის პარადოქსული მოცემულობა. ამ ინიციატივიდანაც ჩანს, რომ არანაირი სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა არ იგეგმება, პირიქით, ხდება ირაკლი კობახიძისა და მისი მთავრობის ძალაუფლების კონსოლიდაცია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხდება 20 მლრდ ლარის ერთ ხელში კონცენტრაცია, რაც გამოიწვევს იმას, რომ ვინც გააკონტროლებს ამ ორგანოს, ის გააკონტროლებს ბიზნესს. შეიქმნება მონოპოლია, რაც გულისხმობს იმას, რომ დიდი ბიზნესი გადაყლაპავს პატარა და საშუალო ბიზნესს. ამის ხარჯზე მოხდება ის, რომ ბაზარს ხელში ჩაიგდებს მთლიანად რამდენიმე მსხვილი კომპანია“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
მისი თქმით, ამით მოხდება ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტების სრული კონსოლიდაცია „ქართული ოცნების“ მიერ.
„ქართული ოცნების“ პირობებში მაღალკვალიფიციური კადრები კარგად ვიცით, რას ნიშნავს. ეს გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში. ასევე, თავდაცვის მინისტრის და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შემთხვევაში, ისინი კომპეტენტურები არიან კორუფციაში. ამიტომ, ამ მხრივაც სოლიდური რისკები არის. კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეს ორგანო არ იქნება დამოუკიდებელი, მას ქმნის საქართველოს მთავრობა და მას ხელისუფლება სრულად გააკონტროლებს. ახლა ხდება ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტების სრული კონსოლიდაცია „ქართული ოცნების“, კონკრეტულად კი ირაკლი კობახიძის მთავრობის ხელში. საქართველოს მოსახლეობას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეკონომიკური თავისუფლების გარეშე არ არსებობს არანაირი თავისუფლება და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების უზარმაზარ ნაწილს, 2 მლრდ ლარს სრულად გააკონტროლებს ერთი ორგანო, ეს ფაქტობრივად მოსპობს კონკურენციას, გაზრდის სახელმწიფოს სისტემურ რისკებს, ასევე გაზრდის ფასებს, გააუარესებს ხარისხს და საბოლოოდ, მივიღებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ აღარ დატოვებს სივრცეს თავისუფალი მოქმედებისთვის“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით, შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც 2026 წლიდან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
ანგარიშის თანახმად, რეფორმის მიზანია სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვის, საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა. ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, შესყიდვის ახალი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგს.