სრულიად დემოკრატიული სამყარო საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ახორციელებს ტერორს, შანტაჟს, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს მოქალაქეებისთვის - საოცრება ის არის, რომ მხოლოდ რუსეთი ხედავს წინსვლას საქართველოში რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ, საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, 2025 წლის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გაეროს ჟენევის ოფისში გაიმართა.
მისი თქმით, საქართველო იქამდე მივიდა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და ტყვეები და ადამიანის უფლებები აბსოლუტურად უგულებელყოფილია.
„სრულიად დემოკრატიული სამყარო საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ახორციელებს ტერორს, შანტაჟს, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, პოლიტიკურ დევნას - არიან პოლიტიკური ტყვეები და პოლიტიკური პატიმრები და ამას აღნიშნავს ყველა და ერთადერთი გამომქომაგებელი და მხარდამჭერი აღმოჩნდა რუსული რეჟიმი, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. საოცრება ის არის, რომ მხოლოდ რუსეთი ხედავს წინსვლას საქართველოში რეფორმების კუთხით. ასეთ სავალალო შედეგამდე მივედით. მივედით იქამდე, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური ტყვეები, პოლიტიკური პატიმრები, საქართველოში ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი, ხალხს დასდევენ უკვე ტროტუარზე შეკრების გამო, რაც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა, რასაც არაფრად აგდებს მოქმედი ხელისუფლება“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერება, მათ შორის ახალი კანონების შექმნა აღნიშნა. მან დადებითად შეაფასა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას.