ერთი ილია ღუდუშაური ფულის მოპარვას ვერ შეძლებდა, ხაზინიდან მარტივად ფულს ვერ აიღებ, თუ არ გყავს თანამზრახველები, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ბესიკ დონაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც დონაძემ აღნიშნა, თუ გამოძიება სწორად წარიმართება, მომდევნო დაკავებული ჯანდაცვის იმდროინდელი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი უნდა იყოს, რადგან ილია ღუდუშაური ამ მასშტაბის კორუფციულ სქემაში დამოუკიდებლად ვერ იქნებოდა ჩართული.
“ნორმალური გამოძიების პირობებში, შემდეგი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს დაკავებული და წარდგეს სასამართლოს წინაშე, ეს არის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ მარტო ერთი ილია ღუდუშაური ამ ფულის მოპარვას ვერ შეძლებდა. სახელმწიფო ხაზინიდან ასე მარტივად ფულს ვერ აიღებ, თუ არ გყავს თანამზრახველები ან კომპანიაში ან სამსახურში. ამას ემატება ის, რომ კონკრეტულად რომელ ტენდერზეც არის საუბარი, ეს არის, დაახლოებით, 30 მილიონიანი ტენდერი და ამ ტენდერით უნდა შეეძინათ სასწრაფო დახმარების ავტომობილები. საჯარო წყაროებში რომ ნახოთ, როგორ აპიარებდნენ ამ შესყიდვებს, რომ უნდა შეეძინათ ავტომობილები, როგორ ზრუნავდნენ რეგიონებზე, როგორ ზრუნავდნენ თბილისზე და ა.შ. როდესაც სასწრაფო დახმარება აგვიანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების საკმარისი რაოდენობა არ არის. ასევე რეგიონებში არ არის სასწრაფო დახმარება, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში გადმოყვანა ვერ მოასწრეს იმიტომ, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ვერტმფრენი არ გვყავს და მეორე რიგში იმიტომ, რომ რეანიმობილები არ არის საკმარისი. რეგიონში ერთი რეანიმობილია და რიგში დგანან ადამიანები.
ამ კორუფციული სქემით ილია ღუდუშაურმა, ზურაბ აზარაშვილმა და კიდევ მათ, ვინც ჩართულნი არიან ამ სქემაში, სიცოცხლე მოჰპარეს ადამიანებს. ფულის მოპარვა არ არის ისეთი ტრაგედია, ამ ფულის უკან რა იდგა რეალურად, რა მომსახურება მოჰპარეს საზოგადოებას.
გამოძიება რომ წარიმართოს ნორმალურად, მომდევნო უნდა იყოს აზარაშვილი იმიტომ, რომ სხვანაირად არ არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფული იყო, საერთაშორისო სტატუსით ჩატარებული ტენდერი იყო და საკმაოდ ბევრი ავტომობილი უნდა შეეძინათ სხვადასხვა რეგიონისთვის. ეს ამბავი აზარაშვილმა იცოდა ძალიან კარგად.
ასევე მნიშვნელოვანია, რა სქემით მიმდინარეობდა ამ ფულის მოპარვა. სქემა იყო შემდეგი - ღუდუშაური ხაზინიდან ფულს ვერ გამოიტანდა და თავის ანგარიშზე ვერ ჩაირიცხავდა. ეს ფული პირველად მოხვდა კონტრაქტორი კომპანიის ანგარიშზე. კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, გამოვიდეს და საჯარო განმარტება გააკეთოს, ნებით იქნა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული თუ, დავუშვათ ისიც, რომ მას აიძულებდნენ. სახელმწიფო თანამდებობაზე ილია ღუდუშაურს რა უფლება-მოვალეობებიც ჰქონდა, ამ უფლებებს თუ ის ბოროტად გამოიყენებდა, მას შეეძლო, ზეწოლა განეხორციელებინა კომპანიაზე, მაგალითად, ტენდერის მიმდინარეობისას შეექმნა ხელოვნური პრობლემები. ამიტომ, შესაძლებელია, კომპანია დათანხმებოდა და რაღაც გარკვეული ფული მიეტანა ილია ღუდუშაურისთვის. ვერცერთ შემთხვევაში ილია ღუდუშაური ამ ფულს ვერ აიღებდა ხაზინიდან. პირველი გადარიცხვა რაც ხორციელდება, ეს ფული ირიცხება კონტრაქტორი კომპანიის ანგარიშზე და შემდეგ ეს ფული ხვდება ჩინოვნიკების ჯიბეში.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ კომპანიის მფლობელები “ქართული ოცნების” საკმაოდ მსხვილი შემომწირველები არიან. მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი თავისი მოგებიდან არაფერს არ ამოიღებს და არ მიიტანს “ქართულ ოცნებაში”. ეს არის ის ფული, რომელიც მოპარული იქნა ბიუჯეტიდან და შემდეგ ამ მოპარული ფულით არის დაფინანსებული “ქართული ოცნება”. ზუსტად ამიტომ არის, რომ ამ კორუფციასთან ბრძოლას პოლიტიკური სარჩული აქვს”, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.