საქართველო დიდი ხანია დაბრუნებულია რუსულ ორბიტაზე. დაინახა რა დასავლეთმა, რომ ამ წუთას საქართველოს მართავს რუსული გავლენის მქონე ძალა, მათ სცადეს საქართველო დააკონსერვონ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას, რომლის მიხედვითაც „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.
მისივე თქმით, საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო აღარ მონაწილეობს.
„საქართველო გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურ რუკაზე ისევ იქ არის, სადაც იყო, უბრალოდ, თანამედროვე, მიმდინარე პროცესებში და საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო აღარ მონაწილეობს. ანუ წარმოადგენს გეოგრაფიულ ერთეულს, რომლის გარშემოც მიიღება გადაწყვეტილებები, სადაც ის თავად მონაწილე აღარ არის, პროცესზე გავლენა აღარ აქვს, სიტყვა არ ეთქმის. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რომელიც სამომავლოდ საქართველოს სტრატეგიულ განვითარებაზე გავლენას იქონიებს, იქ საქართველოს თავისი ხმა აღარ ექნება, მას არ ექნება შესაძლებლობა თავად განსაზღვროს, რა ფორმით, რა დოზით, რა პერსპექტივით განვითარდება საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოს გარშემო.
2024 წლის შემდეგ გეოპოლიტიკური სურათი ფუნდამენტურად შეცვლილია. ეს განაპირობა რუსეთის ფართომასშტაბიანმა და მოულოდნელმა აგრესიამ უკრაინაში. ამან შესაბამისად, მოულოდნელი პროცესები დაძრა თავად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რასაც არ ველოდით, ისეთი პროცესები წარიმართა რეგიონში. თუ აქამდე საქართველო იყო სამხრეთ კავკასიის დასავლეთისკენ მამოძრავებელი ძალა, ეს იყო რეალურად ერთადერთი დემოკრატიული ცენტრი, ითავსებდა როგორც მედიაციის როლსა და ფუნქციას, ორ დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის სამეზობლოში, ასევე, მისი საგარეო ურთიერთობების ერთ ვექტორს წარმოადგენდა რეგიონის ინტერესების ლობირება დასავლურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო ფორმატებში. ეს ფუნქცია მთლიანად დაკარგა საქართველომ, მაგრამ ამავდროულად სომხეთმა და აზერბაიჯანმა მყისიერად მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება, დაინახეს რა, რომ რუსეთი არის უფუნქციო დაიცვას მათი ინტერესები საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ სასწრაფოდ სხვა ალიანსების მოძიება დაიწყეს. მაია სანდუს განცხადება იმიტომ აღმოჩნდა ასე მტკივნეულად მოსასმენი, რომ ის უბრალოდ სიმართლეა და ფაქტის კონსტატაცია. საქართველო დიდი ხანია დაბრუნებულია რუსულ ორბიტაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში დიდწილად საშინაო და პრინციპულად საერთაშორისო ურთიერთობებს არ განსაზღვრავს თბილისი, არამედ ის იკარნახება მოსკოვიდან. ეს არის, რასაც სანდუ გულისხმობს. რუსულ ორბიტაზე დაბრუნება არ ნიშნავს რუსეთზე მიერთებას, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კარნახით საქართველომ შეიცვალა საგარეო ვექტორი. ოფიციალური თბილისი, ივანიშვილის რეჟიმის ხელით ახორციელებს რუსეთისთვის სასარგებლო საგარეო პოლიტიკას, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. რუსეთის სტრატეგიულ ინტერესში შედიოდა, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირში და არ გახდეს სხვა სამხედრო ალიანსის, ნატოს წევრი. ეს სრულად შეასრულა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. სწორედ ამას გულისხმობს სანდუ, რომ საქართველო ჩამოშორდა დასავლურ ვექტორს, საქართველომ შეიცვალა საგარეო კურსი და საქართველო დაბრუნდა რუსული გავლენის სფეროში, იმიტომ, რომ სწორედ რუსეთი განსაზღვრავს ახლა საქართველოს საგარეო ურთიერთობებს. ამავე კონტექსტში, პარალელურად სომხეთი და აზერბაიჯანი სრულად დისტანცირდნენ რუსული გავლენისგან და მათ ალიანსები შეკრეს, ერთი მხრივ დიდ თურქეთთან, რომელიც არის ნატოს წევრი სახელმწიფო და დაიწყეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. დაინახა რა დასავლეთმა, რომ ამ წუთას საქართველოს მართავს რუსული გავლენის მქონე ძალა, მათ სცადეს საქართველო დააკონსერვონ, გვერდი აუარონ საქართველოს და მათთვის საინტერესო და სტრატეგიული ინტერესები, რომელიც რეგიონს ბუნებრივად მოჰყვება, საქართველოს გვერდის ავლით განახორციელონ სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან ერთად.
[რაც შეეხება ე.წ. ტრამპის მარშრუტს], მოკლევადიან პერსპექტივაში სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა არ არსებობს იმის, რომ საქართველო 100%-ით გამოეთიშოს პროცესს, მაგრამ ვინაიდან საქართველოს დე-ფაქტო წარმომადგენლობა პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესში ვერ მონაწილეობს და მათთან კომუნიკაციის რესურსიც არ არსებობს და არც ინტერესი და სურვილი, ამ ეტაპისთვის, ვიდრე საქართველო მოიაზრება, რომ არის რუსული გავლენის ქვეშ, სტრატეგიული გადაწყვეტილებაა მიღებული როგორც ვაშინგტონში, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომ ამ ეტაპისთვის, საქართველოს კონტექსტი იმდენად გაიყინოს, რამდენადაც შესაძლებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება ინფრასტრუქტურის მომზადება საიმისოდ, რომ თუ საქართველოში სიტუაცია არ შეიცვალა, მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ინტერესების დაკმაყოფილება საქართველოს მონაწილეობის გარეშე“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ამასთან, კალანდაძის შეფასებით, „საქართველოს დემოკრატიზაციის ინტერესი დღემდე აქვთ, უბრალოდ ამ ეტაპისთვის არ არსებობს რესურსი, რომ იმ ძალასთან ითანამშრომლონ, რომელიც საქართველოს არის დაპატრონებული“.
„ეს არის რეალპოლიტიკა. საქართველოს დემოკრატიზაციის ინტერესი დღემდე აქვთ, უბრალოდ ამ ეტაპისთვის არ არსებობს რესურსი, რომ იმ ძალასთან ითანამშრომლონ, რომელიც საქართველოს არის დაპატრონებული. ისინი ხელოვნურად ვერ ჩაერევიან, რომ აქ პოლიტიკური რეჟიმი შეცვალონ. ივანიშვილის რეჟიმთან ამ დიალოგის ბევრნაირი გზა იქნა განხილული და ამოიწურა ყველა რესურსი, რომელიც შესაძლოა, რომ შემხვედრ ნაბიჯებს ეფუძნებოდეს და გონივრულ დიპლომატიურ ჩარჩოში ჩაჯდეს. სხვა რესურსი ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკების არ არსებობს, შესაბამისად, როგორც ჩანს, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ ეტაპისთვის, საკითხი „საქართველო“ ასე მოგვარდეს.
აღარც ვიცი მოზომილი არის თუ არა „ქართული ოცნების“ რიტორიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. ამასობაში, მათაც გადაეწურათ იმედები, რომ ტრამპთან რაღაც ფორმის დიალოგი შეიძლება შედგეს და ამიტომ უფრო გაბედულად ეძახიან მას, რომ ის არის „დიფ სთეითის“ მძევალი და ვერ ახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას. მთავარი არსი აქ სხვა რამეა - მათ როგორც ბევრი წყაროდან გამჟღავნდა, მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნები უმოწყალოდ გააყალბეს და მიიტაცეს ძალაუფლება, იმ ილუზიაში აცხოვრეს თავიანთი გარემოცვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მათი საერთაშორისო გავლენები შეიცვლებოდა. გამოხდა ხანი და ხმები გამოდიოდა, რომ ივანიშვილი თავის ხალხს ეუბნებოდა, რომ თებერვლისთვის ყველაფერი მოგვარებული ექნებოდა, ახლა 2026 წლის თებერვალში შევდივართ და არათუ გაუმჯობესებული არ არის ვაშინგტონთან თბილისის ურთიერთობები, არამედ ფუნდამენტურად გაუარესებულია და პრაქტიკულად, არანაირი დიალოგი არ არსებობს. რესურსიც არ არსებობს. ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი გზა სცადა, მაგრამ ეს დიალოგი ვერ შედგა. ვერ შედგა იმიტომ, რომ აშშ-ის აქვს ძალიან კონკრეტული სტრატეგიული ინტერესები რეგიონის მიმართ. ამ ინტერესების დაკმაყოფილება ვერ მოხდება იმ რეჟიმთან ურთიერთობით, რომლის ლეგიტიმაციასაც ისინი არ აღიარებენ. მასთან კომუნიკაციაშიც კი არავინ შემოდის. შესაბამისად, რაიმე ტიპის გარღვევაზე ლაპარაკი ვერ იქნება. რასაკვირველია, ის რაც ყველაზე მეტად მათ სტკივათ, ეს არის მოსალოდნელი სანქციები, უშუალო ფინანსური სანქციები, მათი პერსონალური უშუალო ინტერესია და ამაზე, რა თქმა უნდა, დიდი რესურსი იხარჯება. საბოლოოდ, ასეთი ტიპის საკითხებიც იქამდე დადის, ვინ აჯობებს საკუთარი ინტერესების დაცვისას.
გადაწყვეტილება და ცნობიერებაა, რომ ივანიშვილი არ არის მათი მოკავშირე, ივანიშვილი არ განიხილება მათ სამომავლო პარტნიორად, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობების დამყარება, სახელმწიფოთაშორისი ინტერესების სანაცვლოდ. ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე, ისინი საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილებებს არ მსჯელობენ ივანიშვილთან, ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ რეგიონთან მიმართებით სულ სხვა მოთამაშეებთან და საქართველოს ინტერესებზე თუ ვინმეს დაელაპარაკებიან, დაელაპარაკებიან პუტინს და არა ივანიშვილს. მათი საპირწონე არ არის ივანიშვილი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოზი, რომელიც მათ საქართველოსთან მიმართებით ბევრი წლის შემდეგ დასვეს“, - განაცხადა კალანდაძემ.
გარდა ამისა, მან საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის მიერ ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის კეთილი ნების ჟესტი, მათ შორის ქართველი ხალხის მიმართ“.
„ბუნებრივია, რომ სკეპტიკური ვიქნები პოზიტიური ცვლილებების მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა, უკრაინამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს არ მართავს სუვერენული უფლებამოსილების მქონე ხელისუფლება, რომელიც უკრაინასთან მიმართებით თავის პოლიტიკას დამოუკიდებლად შეცვლის. ყველაზე კარგად ზელენსკიმ იცის, რომ თბილისს და ივანიშვილის რეჟიმს მართავს პუტინი და შესაბამისად, პუტინის პოლიტიკა გატარდება თბილისში. ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება რამდენად შედეგიანია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ კეთილი ნების ჟესტია, მათ შორის იმის დასტურია, რომ ივანიშვილს მიღმა საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტა არ უნდათ და უნდათ როგორც ქართველ ხალხს დაუფასონ ის მხარდაჭერა, რომელიც მათ გამოხატეს უკრაინის მიმართ, ასევე ჟესტია იმის, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება უნდათ“, - განაცხადა კალანდაძემ.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებაც ისაუბრა.