2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო გახდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა - მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველო თავმჯდომარის რანგში წარმართავს ორგანიზაციის მუშაობას და მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ მის ეფექტიან ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა BSEC-ის გენერალურ მდივანთან, ლაზარს კომანესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს.
„გვჯერა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების მუშაობა, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია. დღეს შავი ზღვის რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, რაც ერთგვარად გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრში აქცევს ჩვენს რეგიონს. გამოწვევებთან გამკლავების გზების ძიებასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ იმ შესაძლებლობებზე მუშაობა, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში. ჩვენი ხედვა ეფუძნება დაკავშირებადების გაძლიერებას, სადაც შუა დერეფანი არამხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტია, არამედ უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ხიდი. მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივები, მათ შორის ნავთობსადენი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, რკინიგზის სისტემის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და „შუა დერეფნის“ განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
„მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და BSEC-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონში დიალოგსა და ეკონომიკურ მდგრადობას. არსებული უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება ორგანიზაციის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში.
თავმჯდომარეობის ფარგლებში განვსაზღვრეთ რიგი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება დაგეგმილი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.
საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და „შუა დერეფნის“ განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
ჩვენ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, მომდევნო ექვსი თვის გეგმები და პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს ორგანიზაციის დღის წესრიგს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
დასასრულს, მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო გენერალურ მდივანს, ქართული მხარის მზაობა, თავმჯდომარეობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას, რათა BSEC დარჩეს ქმედით ინსტრუმენტად შავი ზღვის რეგიონის განვითარების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.