გიორგი გახარია - ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან.

კერძოდ, გახარია ეხმაურება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელის იგორ კოჩიევის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „სოფელ უისტაში ქართული პოლიციის პოსტი გაუქმდება“.

“დღევანდელ IPRM-ის შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ჩორჩანას საგუშაგო - რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩაიდგა შემდგომი ოკუპაციის თავიდან ასარიდებლად - „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ იქნება აღებული. საგუშაგო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იცავდა ჩვენს მიწას უკანონო მიტაცებისგან და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მცოცავი ოკუპაციისგან. ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 130-ე შეხვედრის შეჯამებისას ცხინვალის ე.წ. „დელეგაციის ხელმძღვანელმა“, იგორ კოჩიევმა გაიმეორა, რომ „არსებობს იმედი, სამხრეთ ოსეთის სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის უკანონო საგუშაგო მოიხსნება“.

„ჩვენს მიერ წამოჭრილ საკითხებს შორისაა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ უისტასთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს უკანონოდ ყოფნა. ჯერჯერობით არანაირი გარღვევა არ მომხდარა, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედი, რომ შევძლებთ ქართული მხარის დარწმუნებას და ეს საგუშაგო გაუქმდება“, - განაცხადა კოჩიევმა, რომლის კომენტარსაც მედია ციტირებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა