გიორგი ბარამიძე - „ოცნება“ მივიდა დრაკონულ კანონამდე, რომელიც რუსეთშიც არ არის, ლუკაშენკოს და კადიროვსაც შეშურდებოდა ამათი თავხედობის, „ჰამასის“ დონეზე არიან - ციხეში მყოფი ადამიანის განცხადებას კი მკაცრად ნუ შევაფასებთ, ის მოწყვეტილია სამყაროს

„ქართული ოცნება“ მივიდა ისეთ დრაკონულ კანონამდე, რომელიც რუსეთშიც კი არ არის, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გრანტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, მმართველ გუნდს საზოგადოებაზე ზემოქმედებისა და დარწმუნების სხვა ინსტრუმენტები აღარ დარჩა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლება ვეღარ ახერხებს საზოგადოების მოტყუებას, რის გამოც სხვა გამოსავალს მიმართავს და „დრაკონულ კანონებს“ იღებს.

„ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო შეეშინდა და მან საზოგადოებაზე ზემოქმედების, დარწმუნების სხვა ინსტრუმენტი ამოწურა. 13 წლის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდნენ და ამით მარტივად გადიოდნენ. 11-12 წელი ცხრა წლის გინებით იყვნენ დაკავებულები. ტყუილი ახლა ინერციით გრძელდება, თუმცა შედარებით ნაკლებად, რადგან ყველაფერს გაუვიდა თავისი ყავლი. ახლა უკვე ვეღარ ატყუებენ საზოგადოებას, როგორც წინა წლებში, ამიტომ სხვა გამოსავალი არ დარჩათ. შეშინებულები არიან, იციან, რომ ხელისუფლებას კარგავენ. მივიდნენ ისეთ დრაკონულ კანონამდე, რომელიც რუსეთშიც კი არ არის.

ადამიანებს ეუბნებიან: „თუ მეწარმე ხარ, არ გაქვს უფლება, პოლიტიკაზე ილაპარაკო“. თურმე პოლიტიკაზე ხმის ამოღება ყოფილა პოლიტიკოსობა. ამის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობით ხელისუფლება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური პარტიებით და უკვე რიგით მოქალაქეებსაც უზღუდავს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლებას.

„მარტო პარტიებს ხომ არ ებრძვიან, არამედ რიგით მოქალაქეებს უკრძალავენ სიტყვის თქმას. ამასთან, ადამიანს თუ ჰყავს ემიგრანტი ახლობელი და გამოუგზავნის ფულს, თურმე მას არ შეუძლია პოლიტიკური საქმიანობა აწარმოოს ან პოლიტიკური განცხადება გააკეთოს. ასეთი რამ რუსეთშიც კი არ არის. თურქმენბაშს, ლუკაშენკოს და კადიროვსაც კი შეშურდებოდა ამათი თავხედობის და კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. ჰამასის დონეზე არიან. მათ ეს არ შერჩებათ, რადგან ქართველი ხალხი არ არის არც ბელორუსი, არც თურქმენეთი“,- განაცხადა ბარამიძემ.

გადაცემაში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მან სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც ოპოზიციურ ძალებს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში ჩართვისკენ მოუწოდა.

ბარამიძის თქმით, ხაბეიშვილის განცხადების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მისი მდგომარეობა. მისი განმარტებით, პატიმრობაში მყოფი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს, შეზღუდული აქვს კონტაქტი და მხოლოდ ადვოკატთან ურთიერთობის შესაძლებლობა აქვს.

„ზედმეტად მკაცრად ნუ შევაფასებთ ციხეში მყოფი ადამიანის განცხადებას. ის მოწყვეტილია სამყაროს. მხოლოდ ადვოკატის ნახვის საშუალება აქვს, ოჯახის წევრებსაც ვერ ხვდება. ბუნებრივია მას უნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში სიტუაცია ამ მოღალატეების წინააღმდეგ უფრო მეტად დუღდეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ვითარება ასე არ არის... ამ მოღალატეთა რეჟიმს ქართველი ხალხი არ დაუმარცხებია. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა განწყობილია საბრძოლველად. ბრძოლის მეთოდი მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა არ არის. მთავარია, როდესაც ამ რეჟიმს არ აღიარებ, თავს არ უხრი“,- განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობს“ არასოდეს უთქვამს უარი დებატებზე.

მისივე თქმით, პარტია მზად არის „მათივე ტელევიზიების პირდაპირ ეთერებში წასასვლელად“.

„დებატებზე უარი არასდროს გვითქვამს. დებატებისგან დაიმალა სამარცხვინო, გაუნათლებელი და კრიმინალური ბანდის წარმომადგენლები. ჩვენ მზად ვართ მათივე ტელევიზიების პირდაპირ ეთერებში მივიდეთ და ვუთხრათ ის, რასაც ქართველი ხალხი ფიქრობს“,- განაცხადა ბარამიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა