„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის მიღების შედეგად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა შესაძლებელი გახდება.

„მოქმედი კანონი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი და თორნიკე ბერეკაშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა