2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ერთი საკითხია, როდესაც პრეზიდენტად საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ხარ არჩეული და იმ ამოცანასა და ტვირთს ეჩვევი, რომელსაც ასრულებ და ატარებ. მეორე საკითხია, როდესაც იძულებული ხდები, რომ გადაწყვეტილებები სამხედრო მოქმედებების შესახებ მიიღო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან რთულია“, - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, „ეს ადვილი არ იყო, მაშინ როდესაც საქართველოს რეჟიმს ოკეანის გაღმიდან აქეზებდნენ“.
„როდესაც მსგავსი რამ ხდება, მოულოდნელობის ელემენტი არსებობს. ჩემი აზრით, აქ მთავარია, რომ გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად მიიღო და სწორედ ეს გაკეთდა“, - აღნიშნა მედვედევმა.
მედვედევის განცხადებით, „თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან და სხვა სამხედრო ლიდერებთან სატელეფონო საუბრების შემდეგ ქართული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო“.
„და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა. ასე ვითარების სწრაფად მოგვარება მოხერხდა და იმის ახსნა, რომ რუსეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება. რუსეთთან ასე არასდროს უნდა მოიქცე“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
გარდა ამისა, მედვედევმა განაცხადა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება მარტივი ნაბიჯი არ ყოფილა“.
„ მარტივი არ ყოფილა.... ამის მიუხედავად გადაწყვეტილება მიღებული იქნა. საერთაშორისო სამართლის დოქტრინის თანახმად, ერთი სახელმწიფოს მხრიდან აღიარების ფაქტიც საკმარისია, რათა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი შეიქმნას. ახალი სუბიექტების ბედი სხვაგვარად იქმნება, მაგრამ ერთი აღიარებაც საკმარისია. ხაზს ვუსვამ, რომ აღიარება შეუქცევად ხასიათს ატარებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის პირი, რომელმაც აღიარების აქტი გამოსცა, ამ აღიარებას გააუქმებს, სახელმწიფოს სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი უკვე არსებობს. ამ საკითხის შესახებ არსებული წყაროების მიხედვით, ეს საერთაშორისო სამართლის დოქტრინის პოზიციას წარმოადგენს“, - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, „ეს ორი პატარა სახელმწიფო მშვიდობიანად არსებობს და ვითარდება“.
„მათ საკუთარი პრობლემები გააჩნიათ, მაგრამ სიტუაცია მშვიდია და მეზობლებთან კონფლიქტი არ აქვთ. ჩვენ მათ ვეხმარებით. ზოგიერთი საკითხი გამოვიდა, ზოგიერთი რამ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. მაგრამ, ყველაზე მთავარია, რომ იქ მშვიდობაა უზრუნველყოფილი, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ახალ რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხის დიდ ნაწილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც აქვს“, - აღნიშნა მედვედევმა.