უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცემათ, მილევად რეჟიმში - კონკრეტული ვადით ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება. აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ვადით გააგრძელონ.
საკითხი პარლამენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში მიღებულ იმ კანონს უკავშირდება, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში ენიჭებათ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, დღის წესრიგში დადგა საკანონმდებლო მოწესრიგების აუცილებლობა იმ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიმდინარე ეტაპზე ახორციელებენ და მთავრობის დადგენილებით აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლება აღარ ექნებათ.
უწყებამ ამასთან დაკავშირებით “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
პროექტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცემათ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ახორციელებენ და კურიკულუმების ჩამონათვალში გათვალისწინებული არ იქნება, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით:
არანაკლებ 180 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე;
არანაკლებ 240 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031
სასწავლო წლის დაწყებამდე;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე;
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე;
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.