ქმნიან მექანიზმს იმისათვის, რომ ორი უნივერსიტეტი გააერთიანონ. ცდილობენ, ლეგალური საფუძველი ჰქონდეს ახალ წარმონაქმნს სახელად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, სინამდვილეში იქნება სრულიად სხვა რამ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი კლასიკური ავტორიტარიზმის მაგალითია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პირები საზოგადოებას მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებების აღმსრულებლად აღიქვამენ.
ირაკლი მელაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრის ბიოგრაფიაც სერიოზულ კითხვებს აჩენს.
მისი თქმით, მინისტრი წარსულში ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო იმ პერიოდში, როდესაც, მელაშვილის შეფასებით, პროკურატურა „მძიმე დანაშაულებს“ სჩადიოდა, ხოლო შემდგომ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა.
„საუბრები იმაზე, რომ კონსულტაციები იმართება, არის ბლეფი. კლასიკური ავტორიტარიზმია, როდესაც ხელისუფლებაში ზის ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოება არსებობს იმისთვის, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღასრულონ. ავტორიტარიზმი სხვა არაფერია. სირცხვილია უნივერსიტეტის ლექტორები ტელევიზორით იგებდნენ მინისტრისგან გადაწყვეტილების შესახებ. ამასთან, არავინ არ იცის ვინ მოამზადა, როგორც მოამზადა. განათლების მინისტრს ვიცნობთ იმით, რომ იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იმ წლებში, როდესაც საშინებლებს სჩადიოდა ადეიშვილი და მისი პროკურატურა, შემდეგ კი გადმოხტა „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა მელაშვილმა.
მელაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ზღუდავს განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ქმნის რისკს, რომ უმაღლესი განათლება მოქალაქეების ფართო ნაწილისთვის მიუწვდომელი გახდეს.
„პარალელურად მნიშვნელოვანი რამ მოხდა - კერძო უნივერსიტეტებისთვის გაუქმდა სახელმწიფო გრანტი, ანუ რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვინც აქ ვერ ხვდება აბიტურიენტების დიდ ნაწილს საერთოდ ეკარგება უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობა“, - აცხადებს მელაშვილი.