პრემიერი - ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია და გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა - ასევე, ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა

გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია, გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რაც კარგ პირობებს ქმნის საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე „ინვესტიციების მომავალი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქვეყანაში არის მარტივი ბიუროკრატია, რაც ეკონომიკური საქმიანობისთვის კარგ პირობებს ქმნის.

„გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა.

ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო, გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს.

ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა: სწორი გარემო შევქმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს გლობალურ რეიტინგებში კარგი პოზიციები აქვს ეკონომიკური პოლიტიკის, უსაფრთხოების და რაც მნიშვნელოვანი პირობაა, ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად, სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ. საქართველოს ხელისუფლება მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურასა და დაკავშირებადობაში.

მსხვილი კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, ციფრულ დაკავშირებადობაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვგეგმავთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. მშენებლობაში ვდებთ ინვესტიციებს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს თანამედროვე ჩქაროსნული მაგისტრალები 2030 წლისთვის.

განვახორციელეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. დიდი ინვესტიციები იდება ასევე ციფრულ დაკავშირებადობაში. ვცდილობთ, გლობალური მასშტაბით გავაფართოოთ ეკონომიკური თანამშრომლობის არეალი. ამჟამად, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანასთან. ესენია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნები, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 8 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია მოიზიდა.

„მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემიძლია გაგიზიაროთ ეკონომიკური პარტნიორებისთვის საქართველოს სანდოობის დასადასტურებლად: საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა. მისი განთავსება სულ ახლახან ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განხორციელდა. მასზე მოთხოვნა 5.5-ჯერ მეტი იყო და 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ესეც ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს და ჩვენი ეკონომიკის სანდოობას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია რეგიონში, თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობაა.

„მსოფლიო ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე იმყოფება, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სფეროში. ამგვარ სიტუაციაში, კონტექსტი საქართველოსთვისაც საკმაოდ რთულია, მაგრამ აქამდე წარმატებით ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუ მაჩვენებლებით ვიმსჯელებთ, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო.

ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს - პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია რეგიონში - უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო