„საქსტატს“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და მისი საქმიანობა პოლიტიკური შინაარსის არ არის - გამომდინარე აქედან, ის შეზღუდვა, რომელიც ზოგადად დემოკრატიულ პრინციპებს ახასიათებს, მაგალითად, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ვადა, ორი ვადა და ასე შემდეგ, უნდა გავმიჯნოთ, - ამ არგუმენტით ახსნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ამოქმედების შედეგად „საქსტატს“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება.
მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ძალაუფლებას არ ფლობს.
„ნამდვილად არ ვიცი, თუ როგორია სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა. ეს პოლიტიკური შინაარსის თანამდებობა არ არის. მას პოლიტიკური გავლენა არა აქვს. საქსტატი არის ორგანიზაცია, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. იმ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან, რომლებიც შემდეგ მონიტორინგს უწევენ, საქსტატთან და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით ერთი შენიშვნაც კი არ მოგვისმენია. საქსტატი კარგად მუშაობს.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და მისი საქმიანობა პოლიტიკური შინაარსის არ არის. გამომდინარე აქედან, ის შეზღუდვა, რომელიც ზოგადად დემოკრატიულ პრინციპებს ახასიათებს, მაგალითად პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ვადა, ორი ვადა და ასე შემდეგ, ეს უნდა გავმიჯნოთ, ვინაიდან არც ისეთ ძალაუფლებას ფლობს, როგორსაც ფლობს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ, არც პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობას არ იღებს. რაც მთავარია, სწორად უნდა ასახოს მონაცემები და ეს მონაცემი საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მიიღოს, როგორიც არის ეკონომიკურ ჭრილში მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი.
არასდროს არავის პრობლემა არ ჰქონია. ყველას კომენტარი საქსტატთან დაკავშირებით არის პოზიტიური“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე.
საქსტატს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.