არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ პარლამენტი კენჭს უყრის და თანახმა იქნება, შესაძლოა, კანონით განისაზღვროს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ.

არჩილ გორდულაძის პასუხი მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ლევან მაჭავარიანის კითხვას, რომელმაც გორდულაძეს მიმართა, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებენ ანალოგიური ქმედებებისკენ.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, სადაც "გრანტების შესახებ" კანონს განიხილავდნენ, მაჭავარიანმა გერმანიის მაგალითი მოიყვანა და გორდულაძეს ჰკითხა:

„ბატონო არჩილ, რადგან პირველი მოსმენით არის [განხილვა] ასეთი აზრი დამებადა, იქნებ ამაზეც დავფიქრდეთ: გერმანიაში 2025 წელს ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს და არგუმენტები, რაც იყო ჩამოთვლილი, სხვათა შორის ვიღაც - ვიღაცებს მაგონებს საქართველოში. ანუ გერმანია დემოკრატიული ქვეყანა არის ხომ? - [აკრძალვის] მიზეზები არის, რომ პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც არ აღიარებს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნის პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლის პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებს, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებს ანალოგიური ქმედებებისკენ - ეს იყო მიზეზი, რატომაც აიკრძალა პოლიტიკური მოძრაობა გერმანიაში და ჩვენც ხომ არ ვიფიქროთ, რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც ანალოგიურ ქმედებებს სჩადიან? თან გერმანია კარგი მაგალითია, პრაქტიკა შეგვიძლია გადმოვიღოთ პირდაპირ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

პასუხად გორდულაძემ თქვა, რომ მაჭავარიანს ეთანხმება და შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობაში აღნიშნული შემთხვევები პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევი იყოს და თუ საქართველოს პარლამენტიც უყრის კენჭს და თანახმა იქნება, კონკრეტულ ფორმულირებებს კონკრეტულ კანონპროექტის სახით წარმოადგენენ.

„მგონი, კითხვა არ სჭირდება, საერთოდ კითხვა არ ისმის დემოკრატიული არის თუ არა გერმანია. იდეაში კარგი გამოცდილების გაზიარება... რატომაც არა, შესაძლებელია, რომ გავიზიაროთ ჩვენც. თუ მაგალითად, გერმანიაში არის შესაძლებელი, რომ პირები, რომლებიც მაგალითად, არ ცნობენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას მიზანმიმართულად და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია, არ ემორჩილებიან და სხვასაც მოუწოდებენ, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას, თუ უარყოფენ მაგალითად, რომ საქართველოში არსებობს ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლება და პირდაპირ უწოდებენ, რომ იგი არის მართული რომელიმე სხვა ქვეყნისგან - თუ ეს გერმანიაში შესაძლებელია, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი იყოს, რატომაც არა დიახ, შესაძლებელია, რომ გავითვალისწინოთ და ჩვენს კანონმდებლობაში აღნიშნული შემთხვევები პასუხისმგებლობის გამომწვევი იყოს. იდეაში, მე შემიძლია, დაგეთანხმოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ საქართველოს პარლამენტიც ამ დათქმით უყრის კენჭს და თანახმა იქნება, მეორე მოსმენის ფარგლებში კონკრეტულ ფორმულირებებს კონკრეტულ კანონპროექტის სახით წარმოვადგენთ. მე მიმაჩნია, რომ სწორია, მიმაჩნია, რომ მართებულია“, - განაცხადა გორდულაძემ.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას.

„ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა რომ იყოს დაწესებული, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ლეგიტიმურ მიზანს, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას უზრუნველყოფს, პირდაპირ შეესაბამება და შესაძლებელია წარდგენილიყო ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს“, - განაცხადა გორდულაძემ "გრანტების შესახებ" კანონპორექტის განხილვისას მისი კოლეგის პასუხად.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო