რუსუდან თევზაძე - თავისუფალი აზრი იკრძალება, ძალოვან რეჟიმში გადავიდა განათლების სისტემა - ეს არ არის განათლების რაკურსიდან გაკეთებული რეფორმა, ეს არის რეფორმა პოლიტიკის ჭრილში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, რუსუდან თევზაძის შეფასებით, სტუ-სა და თსუ-ს შესაძლო გაერთიანება რეალურ რეფორმას არ წარმოადგენს და „პარტიულ ინტერესებს“ ემსახურება.

მისი თქმით, საკითხს ორი კუთხით უნდა შევხედოთ, თუმცა ამ პროცესში უფრო მეტად ზარალდება სტუ, რადგან ფაქტობრივად ხდება მისი გაუქმება და თსუ-სთან შერწყმა.

თევზაძის განცხადებით, „დიდი რეფორმის“ ფარგლებში, რომელიც ასევე სასკოლო განათლების ცვლილებებს მოიცავს, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ აკადემიურ წრეებს მხოლოდ 3–4 დღით ადრე აცნობეს.

„საკითხს ორი კუთხით უნდა შევხედოთ. ამ შემთხვევაში სტუ-ი უფრო ზარალდება, რადგან ფაქტობრივად უქმდება და იერთებს თსუ. ამ ე.წ. დიდ რეფორმას, სადაც სასკოლო განათლების რეფორმაც შედის, გვაცნობეს ორი უნივერსიტეტის გაერთიანება 3-4 დღის წინ. რადგან რეფორმა არის ყოვლის მომცემი ფენომენი და შეიძლება იყოს თვისობრივ ცვლილებებზე დაფუძნებული, ასევე შესაძლებელია იყოს ტექნიკური. იმედი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით შენარჩუნდება გონიერება და გამოსავალი იქნება“, - აცხადებს თევზაძე.

თევზაძე ორ ძირითად არგუმენტს ასახელებს, რის გამოც აღნიშნული ინიციატივა, მისი აზრით, რეფორმად ვერ ჩაითვლება. მისი შეფასებით, ეს არის ერთპარტიული რეფორმაა, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი - ცენტრალიზაცია და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.

მეორე მიზნად თევზაძე განათლების სისტემის პოლიტიზაციას ასახელებს.

მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა უკვე განხორციელდა სასკოლო და სკოლამდელ განათლებაში, სადაც მასწავლებლები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები საარჩევნო პერიოდში პარტიულ აქტივად იქცევიან.

„ორი არგუმენტი იმისა თუ რატომ არ არის ეს რეფორმა და რატომ არის პარტიული რეფორმა. ეს რეფორმა ჩემთვის არის ერთ პარტიული რეფორმა და ემსახურება ორ მიზანს. პირველ შემთხვევაში თვისობრივი ნაწილი- ორი უნივერსიტეტის შეერთება თუ გაუქმება ანუ ცენტრალიზება ანუ კონტროლის მექანიზმის გაზრდა. მართვის ნაწილში უფრო მოქნილი რომ გახდეს და ახალი საუნივერსიტეტო ჯგუფის წარმოქმნა პოტენციურად ელექტორალურ ჭრილში. სასკოლო და სკოლამდელ განათლებაში ეს უკვე მოახერხეს. უდიდესი პატივისცემა ყველას, მაგრამ მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები საარჩევნო პერიოდში გადაიქცევიან პარტიულ აქტივად. ვინაიდან, ქვეყანაში ისეთი მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობაა, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, ერთვებიან ამ საქმიანობაში ხელფასის საპირწონედ“,- განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

მისი თქმით, ავტონომია რომ დაცული ყოფილიყო, საკითხი ჯერ აკადემიურ საბჭოებში უნდა განხილულიყო და ინიციატივაც სწორედ მათი წიაღიდან უნდა წამოსულიყო. როგორც თევზაძე აღნიშნავს, აკადემიურმა საზოგადოებამ გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ პოსტფაქტუმ შეიტყო, რაც ავტონომიის იგნორირებაზე მიუთითებს.

თევზაძის შეფასებით, პროცედურები უკვე დარღვეულია და განათლების სამინისტრო, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები პირები, ფაქტობრივად ძალოვან პლატფორმაზე არიან გადაყვანილნი.

„მეორე არგუმენტია ავტონომიის დარღვევა. ავტონომია რომ არ დაერღვიათ აკადემიურ საბჭოებში უნდა განხილულიყო შინაარსი და მათი წიაღიდან უნდა წამოსულიყო ეს საჭიროება. ანუ ავტონომია უგულებელყოფილია, პოსტფაქტუმ გაიგო ყველამ. რას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებს?

ის გარემოება, რაც ჩვენ გარშემოა არ იქნებოდა თუ დიალოგი ყოფილიყო მანამდე. ეს პროცედურულად უკვე დარღვეულია.

ფაქტობრივად, ძალოვან პლატფორმაზე დასვეს მთელი სამინისტრო, გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩათვლით. ეს ძალიან დიდ რისკებს აჩენს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სჭირდებათ უმაღლესი განათლება თავისუფალი. კანონი, რომელიც ახლა მიიღეს დაფინანსებასთან დაკავშირებით, კავშირშია ამასთან, რადგან თავისუფალი აზრი იკრძალება. ძალოვან რეჟიმში გადავიდა განათლების სისტემა, ამიტომ, ბუნებრივი არ გამაჩნია ნდობა. ეს არ არის განათლების რაკურსიდან გაკეთებული რეფორმა, ეს არის პოლიტიკის ჭრილში გაკეთებული რეფორმა“,- განაცხადა თევზაძემ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო