მიხეილ ბატიაშვილი - BTU AI სრულად არის მორგებული სწავლის პროცესსა და ინდივიდუალურ სტუდენტზე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დანერგილი ახალი სასწავლო გარემო BTU AI ფუნდამენტურად ახალ მიდგომას ეყრდნობა. როგორც წესი, სტუდენტს თავად უწევს სასწავლო მასალასთან ადაპტაცია. BTU-ს ახალი პლატფორმა კი თავად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს და სწავლის პროცესს უფრო ეფექტიანსა და მარტივს ხდის.

„BTU AI არ არის ტრადიციული ონლაინ სასწავლო პლატფორმა, ტექსტების საცავი ან კითხვებზე ავტომატურად პასუხის გამცემი სისტემა. ეს არის სასწავლო გარემო, რომელიც სწავლას დიალოგად, კვლევად და აზროვნების პროცესად აქცევს. სისტემა მომხმარებელს ეხმარება, რთული მასალა მარტივი, გასაგები და მის საჭიროებებზე მორგებული გზით აითვისოს”, - განმარტავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც ახალი სასწავლო გარემოს შესახებ დეტალურად გვესაუბრება.

ბატონო მიხეილ, რას მოიცავს BTU-ში შექმნილი ახალი სასწავლო გარემო BTU AI?

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წლებია, აქტიურად უდგას სათავეში ხელოვნური ინტელექტის სწავლებისა და განვითარების საქმეს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ლაბორატორიები და აქსელერაციის პროგრამები. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც წლების წინ დაიწყო, არის BTU AI. ის აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში და მათ შორის ერთ-ერთი ბიზნესისა და ტექნოლოგიების საკითხების ანალიტიკური დამუშავებაა. ვთანამშრომლობთ კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და მათ ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ მასალებს ვაწვდით.

თუმცა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სისტემაში ეფექტიანი ჩართვა იყო. ტრადიციულად, ნებისმიერ სტუდენტს უწევს სასწავლო პროცესზე, ლექციებზე, თეორიულ მასალასა თუ კვლევაზე მორგება. BTU AI-მ ეს მოცემულობა შეცვალა. ახლა სასწავლო მასალა თავად ერგება სტუდენტს.

კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებენ სტუდენტები?

ყველა ადამიანი განსხვავებულია სწავლის უნარებითა და ათვისების ტემპით. BTU AI სწორედ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა ორიენტირებული. სისტემაში შეგიძლიათ ატვირთოთ ლექცია ან თეორიული მასალა, ხელოვნური ინტელექტი კი სწავლის თქვენი სტილიდან გამომდინარე მოგაწოდებთ დამუშავებულ მასალას, შემოგთავაზებთ მაგალითებს... ის სწავლობს, თუ როგორ ითვისებთ ინფორმაციას და გთავაზობთ შესაბამის ტემპსა და სტილს.

ეს პროგრამა თვეების განმავლობაში იტესტებოდა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. ის ურთულეს წიგნებსაც კი მარტივად, სახალისოდ და გასაგებად ხსნის, რაც სტუდენტს მეტი ცოდნის მიღების სტიმულს აძლევს. სისტემა აგებს მასალის სტრუქტურას, განიხილავს მაგალითებს და თავადვე სვამს კითხვებს მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.

რით განსხვავდება BTU AI ხელოვნური ინტელექტის სხვა სისტემებისგან?

ეს პროგრამა სრულად არის მორგებული სწავლის პროცესსა და ინდივიდუალურ სტუდენტზე. მართალია, არსებობს სხვა ძალიან მძლავრი სისტემებიც, მაგრამ BTU AI ვიწრო სპეციფიკაზეა ფოკუსირებული, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ხელოვნური ინტელექტი მასალას იმ დონეზე სტრუქტურირებულად და გასაგებად მიაწვდის სტუდენტს, როგორც მას სჭირდება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესში გაუგებარი არაფერი დარჩეს.

როგორ შეუძლიათ ისარგებლონ სისტემით იმ ადამიანებმა, ვინც BTU-ში არ სწავლობს ან ასწავლის?

ჩვენი ხელოვნური ინტელექტი განთავსებულია ChatGPT-ის OpenAI პლატფორმაზე. ის არის ღია და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია. ჩვენი მიზანია, განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, რადგან გვსურს, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი განათლებული და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი გვყავდეს.

ზოგადად, როგორია თქვენი ხედვა ხელოვნური ინტელექტის სასწავლო გარემოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით?

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისას ხშირად ვხვდებით ორ უკიდურესობას: გადაჭარბებულ მოლოდინს ან სრულ საწინააღმდეგო პოზიციას. ჩვენი ხედვა კი მაქსიმალურად პრაგმატულია. სწავლა-სწავლების პროცესში მთავარი სტუდენტი და პროფესორია. ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი ისევე, როგორც ინტერნეტი ან სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური წინსვლა უკეთესი განათლების მისაღებად. ცენტრში კვლავ ადამიანი რჩება, ჩვენი ტექნოლოგია კი ამ პროცესს ამარტივებს.

ვინ არიან BTU-ს საერთაშორისო პარტნიორები ხელოვნური ინტელექტის პროექტების განვითარების მიმართულებით?

ჩვენ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გვყავს, მათ შორის: *Microsoft, Google და ChatGPT. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანული მხარის დახმარება. ჩვენი უნივერსიტეტის AI სასწავლო პროგრამის შემუშავება გერმანული მხარის დახმარებით მოხდა. აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ორმაგი, ქართული და გერმანული დიპლომი მიიღონ. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ცოდნით დაინტერესებულმა ადამიანებმა მიიღონ ყველაფერი, რაც მათ წარმატებულ ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები