თქვენთვის ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით - რა უნდა ქნას მდინარაძემ? როგორ წარმოგიდგენიათ სუს-ის ხელმძღვანელი არაოფიციალური ვიზიტით, ჩუმად ამერიკაში მყოფი? ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? რუსეთი ხომ არ ჰგონია და მოსკოვი? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
შარაშიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ „არ აქვს რესურსი, ოფიციალურ დონეზე დაალაგოს, გადატვირთოს ურთიერთობები ამერიკასთან“.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შარაშიძის მოსაზრებით, „არაფერს ნიშნავს“.
„ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით. ის იმყოფება აშშ-ში და რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი მცდელობა. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, როგორ გააგზავნა ასევე, შიკრიკად ლილუაშვილი. მედიისგან დაფარულად, ოფიციალური ინფორმაცია არ იყო ამასთან დაკავშირებული. მაშინ გიორგი გახარიაც ამერიკაში იყო და მისი ვიზიტი დაემთხვა ლილუაშვილის არაფორმალურ ვიზიტს. დღესაც, ზუსტად იგივე ხდება. ამოწურა „ოცნებამ“ ყველაფრის რესურსი და ხედავს, რომ უბრალოდ არ გამოდის ამერიკასთან არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა. მათ უბრალოდ არ აქვთ რესურსი, ოფიციალურ დონეზე დაალაგონ, გადატვირთონ ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც თავად ამბობენ. ახლა ვხედავთ სუს-ის ხელმძღვანელის განმეორებით [ვიზიტს]. ანალოგიური პრაქტიკა არსებობდა და არც მაშინ მოჰყოლია დადებითი შედეგი ვიზიტს ამერიკაში. რა უნდა ქნას მდინარაძემ? როგორ წარმოგიდგენიათ სუს-ის ხელმძღვანელი არაოფიციალური ვიზიტით, ჩუმად ამერიკაში მყოფი? ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? რუსეთი ხომ არ ჰგონია და მოსკოვი? თავად ეს ფაქტიც უკვე იმდენად ამაზრზენია... ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო გასულია ყველანაირი სახელმწიფოებრივი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სუს-ის უფროსი შეიძლება არაფორმალურ და საიდუმლო შეხვედრებს მართავდეს ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოში, როგორიც არის აშშ? ეს რაზე მეტყველებს, ამაზე ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიტანონ დასკვნები“, - განაცხადა შარაშიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის დებატებს, შარაშიძემ აღნიშნა, რომ პარტია მზადაა, მიიღოს მონაწილეობა „რუსთავი 2“-ის ეთერის მომდევნო დებატებში ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე, რა თემაზეც „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი კობახიძე იქნება წარმოდგენილი.
„შეთავაზება არ მიგვიღია, მაგრამ ეთერში ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძე ემზადება დებატებისთვის ფასების თაობაზე. მზად ვართ! - კარგად მოემზადონ ჩვენთან სადებატოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი ჩვენთვის მისაღები არ არის, ამ კონკრეტულ დებატში, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიც ფასებია, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას, შარაშიძემ შეაფასა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რაზეც მე-11 მოწვევის პარლამენტი ახლა მუშაობს და აღნიშნა, რომ „პარლამენტმა კომიკური სახე მიიღო“.
„დაკვირვებით რომ ნახოთ ის კომენტარები, რასაც გუშინ „ოცნების“ დეპუტატები აკეთებდნენ... ყველგან შეიძლება გააკეთო ასეთი განცხადებები პარლამენტის გარდა. დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარის სრულად უცნაური განცხადებით, რომ თურმე, ის მარტო იმ შენობაზე აგებს პასუხს, სადაც სხდომები ტარდება და დანარჩენ საქართველოში რა ხდება, ეს მას არ ეხება. დამთავრებული იმით, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ბატონი კირცხალია, შვედეთის ეკონომიკური პრობლემებით, მათი სოციალური სიდუხჭირით და დემოკრატიული უკუსვლით არის თურმე შეშფოთებული. კიდევ დამთავრებული იმით, რომ ზოგმა ალუბლის სინონიმ არ იცის, სხვა ხილი არ გაუგია და ა.შ. ძალიან რთულ მდგომარეობაშია „ოცნება“.
რაზე არის საუბარი? განათლების რეფორმაში შესატანი ცვლილებები, რომელმაც ჩვენი მომავალი თაობის ბედი უნდა გადაწყვიტოს, როგორ შეიძლება დაჩქარებული წესით განიხილო? მთელი პაკეტი დაამტკიცო დაჩქარებული წესით. ეს აბსურდია. არცერთი ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ გაიგებს იმას, რატომ შეიძლება დააჩქარო ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება.
რაც შეეხება გრანტებს, ადრე ვამბობდით, რომ „ოცნება“ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა. ახლა, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მიღმა არის რაღაც ტიპის გაერთიანება „ოცნების“ სახით, რომელიც ასე თავის ჭკუაზე, რასაც დაავალებენ, რასაც ჩასძახებენ, პირდაპირ შეიძლება ამოიძახონ. ეს არის მათი ერთადერთი დანიშნულება. სხვა დანიშნულება არ აქვთ. როგორ შეიძლება ამას საერთოდ ნორმალური ახსნა ჰქონდეს? ადრე ვამბობდით, ავტოკრატიისკენ მივდივართო, კი არ მივდივართ, ავტოკრატიაში ვართ უკვე კარგად ჩაფლულები. დიქტატურამდეც ერთი ნაბიჯი გვაქვს მგონი დარჩენილი“, - განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, შარაშიძემ შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადება, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“. დეპუტატის თქმით, „ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი პარტიის სუვერენიტეტი ადარდებს“.
„როდესაც „ოცნება“ სუვერენიტეტზე საუბრობს, ქვეყნის სუვერენიტეტი კი არ ადარდებთ, არამედ საკუთარი პარტიის სუვერენიტეტი, რომ თავის ჭკუაზე, სუვერენულად და დამოუკიდებლად, როგორც მათ უყვართ ხოლმე საუბარი, გააგრძელონ ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება. ამ ქვეყნის დაღუპვა, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. სახელმწიფოს აღქმა ზოგადად არ აქვთ, ვერ ხვდებიან საერთოდ, რა არის სახელმწიფო. ან, შეიძლება იყოს ჯგუფი, რომელიც ხვდება ამას, მაგრამ იმდენად დიდი, მათ შორის ფინანსური ინტერესები აქვთ, მათთვის პირადი კეთილდღეობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე თვალს ხუჭავენ. ეს ძალიან სავალალო ყოფაა.
ამ საკანონმდებლო ინიციატივების მთავარი დანიშნულება არის კონტროლი, კონტროლი და კიდევ ერთხელ, კონტროლი საზოგადოებრივ აზრზე, განსხვავებულ აზრზე“, - განაცხადა შარაშიძემ.