თავის დროზე, როცა იურიდიული დახმარების ბიურო დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, ეს ჩემი ხელმძღვანელობის დროს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო - ძალიან კარგი ინიციატივა იყო და იმ დროის მოთხოვნებს პასუხობდა - გასაგებია, რომ დღეს სხვა რეალობაში ვართ! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა „იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
წულუკიანმა იურიდიული დახმარების სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასვლის ინიციატივას მხარი დაუჭირა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა „აქვთ ფუფუნება, როცა ამ გარდამავალ პერიოდში პრემიერ-მინისტრი თავად იურისტია და ბიუროს ინსტიტუციურად საუკეთესოდ მოაწყობს“.
„ჩემი იუსტიციის სამინისტროში მსახურობის პერიოდში იყო პატარა პერიოდი, როდესაც კონკრეტული დონორების ჯგუფმა ამ ბიუროს საქმიანობის ერთი ნაწილის ხელში ჩაგდება მოისურვა. მაშინ მე ამას შევეწინააღმდეგე და ბიუროს დამოუკიდებლობა დავიცავი. არ ვდავობ იმაზე, თუ რატომ ვაკეთებთ - ვაკეთებთ, რადგან რეალობა არის სხვა და გასაგებია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტმა პირველი მოსმენით „ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტი მიიღო, რომლის საფუძველზეც იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება და სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების პრეროგატივა პრემიერს ენიჭება.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით - 84-ხმით (10 წინააღმდეგი) მიიღეს.
ამასთან, კანონის პროექტს პარლამენტმა იმ დათქმით უყარა კენჭი, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო და საბჭოსთან დაკავშირებული უფლებამოსილებები აღარ იარსებებს. კანონის პროექტის პირვანდელი ვარიანტის გათვალისწინებით კი, საბჭოს დაკომპლექტების მოდელის შეცვლა იგეგმებოდა.
“საკითხს კენჭი იმ დათქმით ვუყაროთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს. ბორდის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული ჩანაწერები კანონში აღარ იყოს. გაძლიერდეს დირექტორის უფლებამოსილებები, ხოლო ბორდის უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებში გადავიდეს. შესაბამისი ფორმულირებები მეორე მოსმენით განხილვისას იქნება წარდგენილი“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მოქმედი კანონის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია - ის არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.