შექმნეს რაღაც ბუტაფორიული კომისია და ერთადერთი, რასაც აკეთებენ ყველა ხედავს: ხდება ადმინისტრაციული წნეხის განხორციელება ბიზნესზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თბილისი საკრებულოს დეპუტატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილ დროებით კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წნეხით და პრესკონფერენციების ჩატარებით, ფასების დაწევა ვერ მოხდება.
„ამ ყველაფერში მათი ბრალი და პასუხისმგებლობა არის აბსოლუტური. 13 წლის განმავლობაში რას აკეთებდნენ, როცა ეს ფასები იზრდებოდა. რეალურად ეს არის იძულებითი ნაბიჯი. შექმნეს რაღაც ბუტაფორიული კომისია და ერთადერთი, რასაც აკეთებენ ყველა ხედავს: ხდება ადმინისტრაციული წნეხის განხორციელება ბიზნესზე. მიჰყავთ როგორც მწარმოებლები, ისე დისტრიბუტორები, ასევე სუპერმარკეტებისა და ჩვეულებრივი მარკეტების მფლობელები და მათზე ახორციელებენ წნეხს, რათა გარკვეული დროებითი ეფექტი მიიღონ. მთელი ეს სისტემა იმიტომ ააწყვეს, რომ ეძებენ დამნაშავეს, ვის შეიძლება რომ ეს დაჰბრალდეს.
არ გვჭირდება განსაკუთრებული უნარები იმის განსასაზღვრად, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული წნეხით და პრესკონფერენციების ჩატარებით ისინი ფასებს ვერ დაწევენ. ეს ვერ მოხდება. ამ ყველაფრის პარალელურად ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც რეალურად ზღუდავს კონკურენციას, უფრო მეტად აყალიბებს ოლიგოპოლიას. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, იქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც სახელმწიფო ფინანსებიდან გააკონტროლებს დაახლოებით ორ მილიარდ ლარს, ეს იქნება მთავრობის სტრუქტურაში ირაკლი კობახიძის ზედამხედველობით და ბუნებრივია, ამ სტრუქტურაში დასაქმდებიან მათთვის მისაღები ადამიანები, პარტიული მუშაკები, რომლებიც ნებისმიერ მითითებას შეასრულებენ“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.