საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - გავრცელებული ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანოები სტუ-ის რემონტისათვის გამოყოფილი 60 მილიონის გაფლანგვის საქმეს იძიებს, არ შეესაბამება სინამდვილეს და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის უხეშ შელახვას წარმოადგენს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ, ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისათვის გამოყოფილი 60 მილიონის გაფლანგვის საქმეს აქტიურად იძიებს. საბიუჯეტო თანხა, რაც „გეპეის“ სრულ რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა, კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა“.

სტუ აღნიშნულ ინფორმაციას ცილისმწამებლურსა და ყალბს უწოდებს.

მისივე ცნობით, ინტერნეტგამოცემა PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის დადასტურებული არც ერთი ოფიციალური წყაროთი და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის უხეშ შელახვას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთი პლატფორმის მეშვეობით გავრცელებულ ცრუ, დამაზიანებელ და უსაფუძვლო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს „საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს იძიებენ, ხოლო საბიუჯეტო სახსრები კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა“.

აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი, უსაფუძვლო და რეალობასთან ყოველგვარ კავშირს მოკლებული და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას.

ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩაერიცხა 2022 წელს 1 125 000 ლარი, ხოლო 2023 წელს 3 286 000 ლარი და არა 60 მილიონი ლარი, როგორც ეს დეზინფორმაციის შემცველ მასალაშია მითითებული. აღნიშნული თანხა სრულად, მიზნობრივად და კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა გამოყენებული. უნივერსიტეტს გააჩნია ყველა შესაბამისი ფინანსური, საბუღალტრო და ადმინისტრაციული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ: არც ერთ სახელმწიფო ან საგამოძიებო უწყებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ არ გამოუთქვამს პრეტენზია; შესაბამისი სამსახურების მიერ არ გადაგზავნილა რაიმე დოკუმენტაცია საქართველოს პროკურატურაში შესაძლო დანაშაულის ნიშნებით; არ მიმდინარეობს და არ დაწყებულა გამოძიება უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე.

ცრუ ინფორმაციის გავრცელება არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის:

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლს, რომელიც იცავს პირის (მათ შორის იურიდიული პირის) ღირსებას, პატივსა და საქმიანი რეპუტაციას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცილისწამებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში;
  2. საქართველოს კანონს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, კერძოდ: მე-9 მუხლს, რომელიც ავალდებულებს ინფორმაციის გამავრცელებელს ფაქტების გადამოწმებას, ინფორმაციის სიზუსტეს, მიუკერძოებლობას და კრძალავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას; მე-13 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ცრუ ინფორმაცია აზიანებს პირის რეპუტაციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიცავს ცილისწამების ნიშნებს და წარმოადგენს კანონით დასჯად ქმედებას.

ამასთან, უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა და მედიასაშუალებამ წარმოადგინოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, წყარო და მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს ცრუ ინფორმაციის უარყოფა და საჯარო კორექცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, საკუთარი საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი. უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და საზოგადოებას, იხელმძღვანელონ პასუხისმგებლობის, პროფესიული ეთიკისა და კანონის მოთხოვნებით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი, დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები