მაკა ბოჭორიშვილი - ბრიუსელიდან კრიტიკა შინაარსისგან დაცლილია და აკლია ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო - საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და საქართველო სჭირდება ევროკავშირს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან წამოსული კრიტიკა შინაარსისგან დაცლილი და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია“.

„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა არის ყოველგვარ შინაარსს მოკლებული. ამ კრიტიკას დღეს რაც გვესმის, აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო", - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.

„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს. ჩვენ ორივე მხარეს გვჭირდება ერთმანეთი, იმისთვის რომ ევროპამ შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და ევროპის ინტერესებში - ამ შემთხვევაში მე საქართველოს ინტერესებსაც ვგულისხმობ - ღრმად მჯერა, რომ ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ურთიერთობების ჯანსაღ ფორმაში წარმართვა.

ბრიუსელის მხრიდან არ არის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები სხვადასხვაა წევრ ქვეყნებში. ბევრი ქვეყნის ხელისუფლებაც აცნობიერებს, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება უსამართლო იყო და ეს არც ევროპის ინტერესებშია. თუმცა ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ხშირად პირიქით აზიანებს ურთიერთობებს საკუთარი განცხადებებით და მოქმედებებით“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა ფოკუსირებულია ქვეყნის განვითარებაზე და მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე.

„საქართველოს შეუძლია იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნაზე, რაც იქნება თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელიც მოსწონს ჩვენს მოქალაქეებს. ეს პროცესი საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ურთიერთობებისთვის, საკუთარი შესაძლებლობები კი უკეთ გამოვიყენოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სატრანზიტო ფუნქციაზე საუბრისას ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისა და ევროპისთვისაც სტრატეგიული საკითხია.

„როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, არასერიოზულია შემდეგ ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან. ელემენტარულია, რომ შევხედოთ რუკას და მივხვდეთ, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან ურთიერთობებს და შავ ზღვაზე თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ გლობალური ცვლილებების ფონზე ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობებზე უფრო პრაგმატული მიდგომა მოუწევს.

„ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ გლობალური ცვლილებებისა და ურთიერთობების განვითარების პირობებში ევროკავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთან ურთიერთობები და ბევრად უფრო პრაგმატული მიდგომით მოუწევს ევროკავშირს შეხედოს და გადახედოს ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები