თსუ-ის სენატი - ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ არის დასაბუთებული და მიზანშეწონილი -  მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია

მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 4 თებერვლის ოქმშია საუბარი.

თსუ-ის სენატის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ეხმიანება თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხს. მიგვაჩნია, უმაღლესი განათლების რეფორმა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თუმცა ცალკეული დაუგეგმავი ინიციატივით გამოწვეული ვნებათაღელვა და მიმდინარე პროცესები ნათლად ასახავს საკითხის მნიშვნელობას, მის სენსიტიურობას და გამჭვირვალობის აუცილებლობას.

სამწუხაროდ, დღემდე არცერთ ინსტიტუციას არ მიუღია კონკრეტული კვლევის შედეგები ან ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით განათლების/კვლევის ხარისხის ამაღლების ან/და სხვა შესაძლო პოზიტიური გავლენის შესახებ.

სენატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტურ საფუძველს. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ავტონომია უზრუნველყოფს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას მმართველობის პროცესებში. გაერთიანების საკითხი, გამჭვირვალობის, შესაბამისი აკადემიური თანამონაწილეობის, შიდა კონსულტაციებისა და უნივერსიტეტების მართვის ორგანოების რეალური ჩართულობის გარეშე, ქმნის რისკს ავტონომიის შეზღუდვის და ეწინააღმდეგება ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებულ მმართველობით სტანდარტებს.

გარდა ამისა, სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები, როგორიცაა: მართვის სისტემების არათავსებადობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსის გაურკვევლობა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების მართვის სისტემების შეუთავსებლობა და ორგანიზაციული არასტაბილურობა.

გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. გარდა ამისა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვალად გამოიწვეს, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო ადგილების შემცირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) მიიჩნევს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა არ არ დასაბუთებული და ამდენად, მიზანშეწონილი. სენატი მოითხოვს, პროცესის აკადემიურ სივრცეში დაბრუნებას, დიალოგს, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობას საკითხის შესწავლისას და ავტონომიურობის პრინციპის პატივისცემით გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია“, - ნათქვამია თსუ-ის სენატის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები