ირანში სახალხო მღელვარებებისა და ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შემდეგ, რასაც მხარს აქტიურად უჭერს აშშ, რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, რით დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის მუქარები ირანის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა აშშ სახდეპის ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
- ბატონო ემილ, ირანში სახალხო მღელვარებების პირველ დღეებში აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ირანელ ხალხს ირანის ისლამური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა და განაცხადა - „დახმარება გზაშიო“.
იყო მოლოდინი რომ აშშ სწრაფად ჩაერეოდა იმ პროცესში, რომელიც ირანში დაიწყო. მაგრამ, ასე არ მოხდა, აშშ-ს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა იმის გამო რომ ირანის ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება რომ დაკავებულ დემონტრანტებს არ დახვრეტდა. სხვადასხვა წყაროებით თეირანის ისლამურმა ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი დემონსტრანტი დასაჯა სიკვდილით.
ირანიდან ინფორმაციის მიღება ჭირს, მაგრამ, თქვენი ინფორმაციით, ახლა რა ვითარებაა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში?
- როგორც წინა ინტერვიუში ვივარაუდეთ, ირანში არ მოხდა რადიკალური ცვლილებები. არსებული პოლიტიკური სისტემა საკმაოდ მყარი და მოქნილია. მას ჯერ კიდევ საკმარისი ეკონომიკური, პოლიტიკური ან თუნდაც მორალური ბერკეტები გააჩნია ქვეყნის სამართავად.
ირანი აღარაა ის ქვეყანა, სადაც გარედან მარტივად მომზადდება პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ის რაც ირანში რამდენჯერმე მოხდა მეოცე საუკუნის განმავლობაში, ვგულისხმობ სახელმწიფო გადატრიალებებს, ვერ განხორციელდება თანამედროვე დროს – ისლამურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აპარატი ბევრად მყარია, სამხედრო რესურსები საკმაოდ დიდი და საგარეო მხარდაჭერა ევრაზიული ძალებისგან ასევე უფრო მკაფიოა.
განვითარების ერთ-ერთი სცენარია, ირანში სისტემის შიგნიდან განხორციელდეს რეფორმა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას ამის რესურსი ჯერ კიდევ გააჩნია, რომ ასპარესზე გამოჩნდეს, მოდით ასე ვთქვათ, „ჩინელი დენ სიაპინის“ მსგავსი ლიდერი, რომელიც არსებულ სისტემას ისე გარდაქმნის, რომ მან მეტი სარგებელი მოუტანოს რიგით მოსახლეობას
რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ქვეყანაში გაგრძელდება რყევები. მართლაც, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არაა მარტივი და მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი მაღალი ფასებით უკმაყოფილოა.
თუ გადავხედავთ ბოლო 10-15 წლის ირანის ისტორიას, მასშტაბური პროტესტები საკმაოდ გახშირდა და არაა გამორიცხული, რომ მსგავსი და, შესაძლოა, უფრო მსხვილი გამოსვლებიც იყოს.
ამიტომაც, განვითარების ერთ-ერთი სცენარია, ირანში სისტემის შიგნიდან განხორციელდეს რეფორმა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას ამის რესურსი ჯერ კიდევ გააჩნია, რომ ასპარესზე გამოჩნდეს, მოდით ასე ვთქვათ, „ჩინელი დენ სიაპინის“ მსგავსი ლიდერი, რომელიც არსებულ სისტემას ისე გარდაქმნის, რომ მან მეტი სარგებელი მოუტანოს რიგით მოსახლეობას.
- ირანის ლიდერები აქტიურად ხვდებიან რუსეთის და თურქეთის ხელისუფლებას იმ იმედით, რომ აშშ-მ ირანზე შეტევა არ განახორციელოს.
აიათოლა ალი ხამეინის მრჩეველი აცხადებს, რომ ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60% -დან 20%-ზე შეამციროს. აბუ-დაბიში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვრცელდება ინფორმაციების რომ ამ საჯარო მოლაპარაკებების გარდა, აშშ-სა და ირანს შორის კულუარული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.
თავიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ირანში დაწყებული მღელვარებების ფონზე აშშ-სა და ირანს შორის შუამავლობა პრეზიდენტმა პუტინმა თავის თავზე აიღო. შედეგი ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში რუსულ დაბომბვებს ისე არ აკრირიტიკებს, როგორც ადრე.
ამ მოვლენების ფონზე პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას“.
აბუ-დაბიში მოლაპარაკებები კი მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესში რა როლს ასრულებს პუტინი და ერდოღანი, ბოლომდე გასაგები არაა. სავარაუდოდ, როგორ აფასებენ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს ანკარა და მოსკოვი?
- დღეს, ანკარისა და მოსკოვის ინტერესები ირანთან მიმართებაში დიდიწილად თანხვედრაშია. არცერთს არ აწყობს, რომ ირანი ზედმეტად დასუსტდეს. რუსეთს და თურქეთს სურთ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი იყოს და არა ისრაელის ან აშშ-ის საგრძნობი მოძლიერება.
უკიდურესად დასუსტებული თეირანი დააზარალებს რუსეთისა და თურქეთის ინტერესებს, იქნება ეს რეგიონული ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის თუ უსაფრთხოების სფეროებში.
მაგალითად, თურქეთის შემთხვევაში, ანკარა შიშობს, ისრაელმა არ მოახერხოს თავისი გავლენა გააძლიეროს თურქეთის საზღვრებთან, იქნება ეს სირიასა თუ ერაყში. სხვა სიტყვებით, ირანი ერთგვარ დამბალანსებლადა დანახული.
ანკარისა და მოსკოვის ინტერესები ირანთან მიმართებაში დიდიწილად თანხვედრაშია. არცერთს არ აწყობს, რომ ირანი ზედმეტად დასუსტდეს. რუსეთს და თურქეთს სურთ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი იყოს და არა ისრაელის ან აშშ-ის საგრძნობი მოძლიერება
ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ, დღეს, ანკარა და მოსკოვი ყველაზე მეტად აქტიურობენ, აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა განმუხტონ. რომ გადავხედოთ თუ ვისთან ჩაატარეს ირანელმა მაღალჩინოსნებმა ბოლო თვეების განმავლობაში შეხვედრების უმეტესობა, ეს ძირითადად რუსებთან და თურქებთან იყო.
- როცა ახლო აღმოსაველთზე მსჯელობენ, ცხადია, ყველაზე აქტუალური თემაა აშშ დაიწყებს თუ არა ირანში სახმელეთო ოპერაციას.
იმის გათვალისწინებით რომ 1979 წელს ირანში ფეხლევების დინასტიის დამხობაში ირანის ჯარს მონაწილეობა არ მიუღია, აიათოლების ხელისუფლებას ჯარის მიმართ დიდი ნდობა არ აქვს, ამიტომაც შეიქმნა იმავე პერიოდში რელიგიურ გუშაგთა დანაყოფები, რომლებიც ირანის ისლამისტურ რესპუბლიკაში საშინაო პოლიტიკას სრულად აკონტროლებენ.
ირანის ისლამური რესპუბლიკა ვენესუელა არაა, შიიტური მმართველობა საკმაოდ ძლიერია. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, რატომღაც არა მგონია რომ აშშ-მ ირანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.
ასე ჩანს, არა მხოლოდ იმის გამო რომ როგორც ამბობენ, პრეზიდენტ ტრამპს არც სახალხო რევოლუციების და არც დემოკრატიის არ სჯერა. მიუხედავად ამისა, დამკვირვებელთა უმეტესობა ირანში აშშ-ს სამხედრო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს.
გასაგებია, რომ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში გადასროლილი ჰყაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა. ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ ტრამპი თეირანთანაც ვაჭრობს და მოსკოვთანაც.
სავარაუდოდ, რაზე შეიძლება ევაჭრებოდეს ტრამპი ტეირანსა და მოსკოვს? სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს ის კრიზისი, რაც ირანის საშინაო პოლიტიკაში დაწყებულმა პროცესებმა გამოიწვიეს?
- აშშ-ს ირანისგან სამი კონკრეტული რამ სურს: 1. ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო უარის თქმა; ბალისტიკური შეიარაღების სრულად თუ არა, მნიშვნელოვნად შემცირება; 3. „წინააღმდეგობის ღერძის“ წევრებისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების შეწყვეტა. ათწლეულების განმავლობაში ეს სამი კომპონენტი ირანის სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენდა.
სამივეში ბოლო წლების განმავლობაში თეირანმა დიდი დანაკლისი განიცადა. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონსა და თელ-ავივს ამ სამი კომპონენტის სრული დემონტაჟი სურს.
ამის სანაცვლოდ კი ვაშინგტონი ირანზე დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების სრულად მოხსნას ჰპირდება. რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა, ნათელია ისიც, რომ ირანს, მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად.
- თქვენთან შეხმიანებამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპატრტამენტში აშშ-ს ევროპული და ევრაზიის საქმეთა ხელმძღვანელი ბრენდან ჰარნაჰანი საქართველოს საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა.
ვიდრე ეს ინფორმაცია გავრცელდებოდა, წინა დღეს სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში აქტიურად განიხილებოდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების დაშვების საკითხი.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, აშშ-საქართველოს ურთიერთობების ასეთ მაღალ დინეზე რამდენიმე დღის წინ შეუძლებელი იყო. თუ ამას დავუმატებს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ საქართველოს სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე ახლა ამერიკაში იმყოფება, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ რაღაც ხდება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-მ ირანში მოვლენათა სხვადასხვა სცენარებით განვითარებისათვის საქართველოს ხელისუფლებასთან არა კონფრონტაცია, არამედ კომუნიკაციაში ყოფნა არჩია. სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას ვიზიტი ვაშინგტონში?
- საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის დრო უკვე დიდი ხნის წინ დადგა და, ვფიქრობ, რომ ახლა ამ პროცესის მომსწრენი ვართ. სავარაუდოა, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს, რამაც, შეიძლაბა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა შეცვალოს.
აშშ-სთვის „ტრამპის მარშრუტის“ გამო სომხეთი და აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ქვეყნებია, მაგრამ ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური გავლენისთვის და სავაჭრო გზების უკეთ განვითარებისთვის ასევე ესაჭიროება საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობების დამყარება.
ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლებად აწუხებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის განვითარების თუ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის გავრცელების საკითხები. დღეს, არც საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ბრმად მიყვება საგარეო პოლიტიკაში შემზღუდავ იდეებსა და დოგმებს. სხვა სიტყვებით, თანხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის სახეზეა და, ვფიქრობ, დროის ამბავია, სანამ ურთიერთობების გამოსწორებას ვიხილავთ.
თანხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის სახეზეა და, ვფიქრობ, დროის ამბავია, სანამ ურთიერთობების გამოსწორებას ვიხილავთ
ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი ერთგვარ რეგიონული მიდგომით გამოირჩევა. თითქოს აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად განიხილება სხვადასხვა პროექტში და სავსებით შესაძლებელია, რომ ამაში საქართველოც ჩაერთოს.
- თურქეთი აქტიურად განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ პაკისტანი-საუდის არაბეთის სამხედრო კავშირს შეუერთდეს, რის შემდეგაც ბევრის მოსაზრებით, ახლო აღმოსავლეთში ნატოს მსგავსი ერთიანობა შექმნება.
თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ახლო აღმოსავლეთში ნატოს მსგავსი პაკისტან-საუდის არაბეთის სამხედრო ერთიანობის შექმნით რისი მიღწევა სურს ანკარას? არ ჰგავს ეს მხოლოდ იმას რომ ამით ანკარას ახლო აღმოსავლეთში ირანის შეკავება სურს?
- უკეთ რომ გავიაზროთ თუ რატომ დაინტერესდა თურქეთი საუდის არაბეთთან და პაკისტანთან სამხედრო გაერთიანებით, უნდა გავაანალიზოთ ახლო აღმოსავლეთში ანკარის პოზიცია.
საქმე იმაშია, რომ რეგიონში ირანის პოზიციების შესუსტების ფონზე მკვეთრად იმატა ისრაელის სამხედრო გავლენამ. ეს წინააღმდეგობაში მოდის თურქეთის ამბიციებთან, მაგალითად, სირიაში. ისევე როგორც XVIII-XIX საუკუნეების ევროპაში, თანამედროვე ახლო აღმოსავლეთშიც ქვეყნები არაოფიციალურ კოალიციებს ქმნიან ერთი ძლიერი მოწინააღმდეგის შესაკავებლად. თუ 2023 წლამდე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ირანის შეკავებას ცდილობდნენ, დღეს, ასეთ ბალანსის დამრღვევ მოთამაშედ, ანკარის გადმოსახედიდან ისრაელია მიჩნეული.
თუ 2023 წლამდე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ირანის შეკავებას ცდილობდნენ, დღეს, ასეთ ბალანსის დამრღვევ მოთამაშედ, ანკარის გადმოსახედიდან ისრაელია მიჩნეული
ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ თურქეთს განსაკუთრებით ახლო სამხედრო-ეკონომიკური კავშირები აქვს პაკისტანთან. ასევე, ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მკვეთრი დინამიკა შეინიშნება.
თავის მხრივ, ისლამაბადმა და ერ-რიადმა 2025 წელს ორმხრივი სამხედრო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მიუხედავად ამ დინამიკისა, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის მკაფიო სამმხრივი სამხედრო ალიანსი ვიხილოთ. თურქეთს მაინც არ სურს საგარეო პოლიტიკაში თავი შეიბოჭოს. ანკარას ასევე ირიბად ზღუდავს ნატოს ალიანსის წევრობაც.
- სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთობების ახალ ეტაპზე არიან გადასული. აქტიურად თანამშრომლობენ ბევრი მიმართულებით.
ეს რომ ასეა, გუშინ ამავე აბუ-დაბიში აზერბაიჯანის ადა სომხეთის პირველი პირებისა და ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის შეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართვაც ადასტურებს. როცა საქმე ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლეთ ტრანზიტის საკითხებს ეხება, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო აქტიურად ტანამშრომლობენ.
ამ თემაზე საკმაოდ ბევრი ინფორმაციები ვრცელდება. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც სამხერეთ კავკასიაში სავაჭრო გზების განვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ს მონაწილეობით ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით ხდება?
- სამხრეთ კავკასიაში ახალი სავაჭრო გზა, ე. წ. ტრამპის მარშრუტი იქმნება. იქნება ამ დერეფანზე გამავალი ვაჭრობა ლოკალური თუ უფრო ფართო რეგიონული მნიშვნელობის, ამას დრო გვიჩვენებს.
თუმცა, ერთი რამ ნათელია მონოპოლია, რომელიც საქართველოს 1990-იანი წლებიდან ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოზე გამავალი დერეფნები შეწყვეტენ ფუნქციონირებას. დიდი ალბათობით, საქართველოს გზა და ტრამპის მარშრუტი ერთმანეთს შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში შეავსებს. სომხეთზე გამავალი გზისგან წამოსული კონკურენცია, შეიძლება, დადებით მოვლენადაც ჩაითვალოს, რადგან ეს დინამიკა ოფიციალურ თბილისს აიძულებს მეტი ინვესტიცია ჩადოს საქართველოზე გამავალი გზების განვითარებაში.
დიდი ალბათობით, საქართველოს გზა და ტრამპის მარშრუტი ერთმანეთს შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში შეავსებს
ამიერიდან მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა საქართველომ შეინარჩუნოს თავისი ტრანზიტული მნიშვნელობა. ეს კი, წესით, მეტად გაააქტიურებს თბილისის საგარეო პოლიტიკას როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი