ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს შეხვდა. ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს პროკურატურაში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და აღნიშნულ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და მის როლზე ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის ადვოკატებსა და პროკურორებს შორის პროფესიული პრაქტიკის გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებასა და პროფესიული სტანდარტების განვითარებას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.