მინდა მივმართო ოპონენტებს: „პური მეპურემ უნდა აცხოს“ - უმაღლეს განათლებაში, როდესაც აკადემიურ საბჭოებს და პროფესურას არაფერს ეკითხები, ეს აჩვენებს, რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია სისტემა. ჩვენ ვხედავთ, ხელების გადაგრეხის გზით უნივერსიტეტების გაერთიანებას ისე, რომ არაფერია გათვლილი,- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
დავით დარჩიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „პოლიტიკური, თუ ფინანსური ხუშტურების გამო ანგრევენ იმას, რასაც თაობებმა თავი შესწირეს“.
„განათლებას საზღვრები არ შეიძლება ჰქონდეს. რაც უფრო თავისუფალია ადამიანი, რომ სხვადასხვა ტიპის სკოლებს გაეცნოს, მით უფრო მეტია განათლებული საზოგადოების შექმნის შანსი. ისევ ვბრუნდებით საბჭოთა ჩაკეტილ სისტემაში. მინდა მივმართო ოპონენტებს: „პური მეპურემ უნდა აცხოს“. უმაღლეს განათლებაში, როდესაც აკადემიურ საბჭოებს და პროფესურას არაფერს ეკითხები, ეს აჩვენებს, რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია სისტემა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში სათუთი მოპყრობის საგანი უნდა იყოს.
პოლიტიკური, თუ ფინანსური ხუშტურების გამო ანგრევენ იმას, რასაც თაობებმა თავი შესწირეს.
ყველაფერი იქამდე მოიტანეს, რომ ქართული უნივერსიტეტების რეიტინგი გაიზარდა, საერთაშორისო გამოკითხვებში გაუმჯობესებული ადგილებით ხვდებიან და მაინც და მაინც ახლა ურტყამენ, რომ ეს მიღწევები ჩამოინგრეს.
უნივერსიტეტების გაერთიანება თავისთავად არ არის ცალსახა დანაშაული. საქმე იმაშია, როგორ კეთდება, რამდენად მონაწილეობენ თვითონ უნივერსიტეტები ამ პროცესში. მათი აკადემიური საბჭოები რამდენად არიან ამ იდეის გულშემატკივრები. ფინეთის მაგალითი მახსენდება, სადაც ასეთი გაერთიანებისთვის 2 წელი იყო გამოყოფილი. ამ პროცესში განსაკუთრებული ფინანსური დახმარება იყო აღმოჩენილი უნივერსიტეტების მიმართ. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, ხელების გადაგრეხის გზით უნივერსიტეტების გაერთიანებას ისე, რომ არაფერია გათვლილი. სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესში. შეიძლება ყოფილიყო პარლამენტის განათლების კომიტეტი, ან სამინისტრო, რომელიც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან შექმნიდა სამუშაო ჯგუფს, სადაც დამუშავდებოდა იდეები, რომელი კონკრეტული ნაბიჯი იქნებოდა პროცესის დამაჩქარებელი. ჩვენ ვხედავთ ზემდგომ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას, რომელიც პროფესურას ფაქტის წინაშე აყენებს. ეს იგივეა, რომ ჯარში ვიღაც მივიდეს გარედან, თუნდაც პროფესორი და გამოუცხადოს ოფიცრებს და გენერლებს, თქვენ დღეიდან იქნებით დაყოფილი არა ბრიგადებად, არამედ დივიზიებად და აზრი არავის ჰკითხოს“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი.
ამასთან, დარჩიაშვილმა პრემიერის განცხადება შეაფასა ილიაუნის რექტორად ნინო დობორჯგინიძის არჩევის თაობაზე, სადაც ის ამბობს რომ „უნივერსიტეტების პოლიტიზება წინა ხელისუფლების ხელწერა იყო“. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, დობორჯგინიძის ხელახალი არჩევა კი არ არის პოლიტიზაციის ნიშანი, „პოლიტიზაციაა ის, როდესაც დანამატად და პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად აქცევ უნივერსიტეტებს, რისი სურვილიც ირაკლი კობახიძეს აქვს“.
„ამ ხელისუფლებისგან კარგს არაფერს ველოდები. ჩანს, რამდენად ცნებების აღრევასთან გვაქვს საქმე. უნივერსიტეტების პოლიტიზებაში იგულისხმება პირველ რიგში ის, რომ ხელისუფლება იმორჩილებს აკადემიურ სფეროს, რექტორებს თავისი გემოვნებით ნიშნავს და ცვლის, ერევა სასწავლო პროგრამებშიც კი, ფაკულტეტების სტრუქტურაში, ეს არის ყველაზე საშიში ნებისმიერი აკადემიური სისტემის თვითკმარობისთვის, ავტონომიურობისთვის და არა ის, რომ შეიძლება, რომელიმე პროფესორს თავისი შეხედულებები ჰქონდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
დობორჯგინიძეა ადამიანი, რომელიც არ ღალატობს საკუთარ სინდისს და გაბედულად აყენებს საკუთარ პოზიციას, მისი ხელახალი არჩევა კი არ არის პოლიტიზაციის ნიშანი, ეს არის ინსტიტუტის მიერ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ნიშანი. პოლიტიზაციაა ის, როდესაც დანამატად და პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად აქცევ უნივერსიტეტებს, რისი სურვილიც, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს აქვს“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი.
მისივე თქმით, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა რაც არ უნდა პროსახელისუფლებო განცხადებები აკეთონ, ჩანს, რომ სისტემა არის უკმაყოფილო.
„მათ განცხადებებშიც, იგივე ჯაბა სამუშიასი, რომ „უნდა გაგრძელდეს საუბარი“, „ფაკულტეტების წევრებს ჰკითხონ აზრი“, აჩვენებს, რომ შინაგანი დისკომფორტი გააჩნიათ ამათაც კი, რაც არ უნდა პროსახელისუფლებო განცხადებები აკეთონ. სისტემა არის უკმაყოფილო, მიუხედავად იმისა, რომელი პროფესორი როგორ გამოხატავს უკმაყოფილებას. როგორც ჩანს, რექტორებზე განსაკუთრებით არის წნეხი და განსაკუთრებით მოქმედებს სახელისუფლებო ზედაფენების გავლენა რიგი მიზეზების გამო“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი.