განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრაზე, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრი გაეცნობა აკადემიური წრის მოსაზრებებს, საერთო პოზიციას შეაჯერებს, შემდეგ კი პრემიერს წარუდგენს.
მანამდე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა, კერძოდ, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ლექტორები, პროფესორები და აკადემიკოსები.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 29 იანვარს ცნობილი გახდა გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.