ევრობიუროკრატიას ჩვენს გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ, მით უფრო იმ ფონზე, როცა ამერიკისგან იმკიან იმას, რაც საქართველოში დათესეს - ამ და სხვა ბევრ გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ, რადგან სიმართლე ძლიერია და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს მხრიდან უცხოური ჩარევის საწინააღმდეგოდ ბრძოლის გამოცდილების გაზიარების შესახებ საქართველოსთვის მომართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რომ ევროსაბჭო უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებას იზიარებს, კარგია.
„ევრობიუროკრატიაში არსებულ კრიზისსა და საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლობაზე კულისებიდან სიმართლე ჩვენ გამოვიტანეთ. როგორც კი, „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი დავაინიცირეთ, შეეცადნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მეორედ მოსვლა მოეწყოთ, როგორც ევრობიუროკრატიიდან, ასევე აქაური აგენტურიდან. ეს ყველას კარგად გვახსოვს. საქმე რადიკალურ პროცესებამდე და დამხობის მცდელობამდე მივიდა. მაშინ ვამბობდით, რომ ეს მიმართული იყო უცხო ქვეყნის ძალების ჩარევისგან თავის არიდებისკენ, რასაც შემდეგ მოჰყვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონპროექტები. ისინი ამბობდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სხვა სახელმწიფოები არ უნდა ჩარეულიყვნენ. დღეს ვხედავთ, რომ ჩვენს გამოცდილებას იზიარებენ, ეს კარგია. ჩვენ არა მხოლოდ „ფარას“ და „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღებაში გვაქვს გამოცდილება, არამედ სხვა ბევრ რამეში, მათ შორის უსამართლო ბრძოლაში, სუვერენიტეტის წართმევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ევრობიუროკრატიას ჩვენს გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ, მით უფრო იმ ფონზე, როცა ამერიკისგან იმკიან იმას, რაც საქართველოში დათესეს. ამ და სხვა ბევრ გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ, რადგან სიმართლე ძლიერია და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.