თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე, უწყების შესყიდვების სამსახურის უფროსი გამოიკითხა

საიდუმლო შესყიდვით ნაყიდი გვაქვს თუ არა მაგალითად, უნიფორმა, „ბათინკი“, კვება და ა.შ.? - ამ კითხვით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსს, ირაკლი მგალობლიშვილს სასამართლო პროცესზე მიმართა.

ყოფილი მინისტრის კითხვაზე მგალობლიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

მოწმემ გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის იმ სამედიცინო ტექნიკის შეძენის თაობაზე ისაუბრა, რაზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრია ბრალდებული.

ჯუანშერ ბურჭულაძის სახელზე 2022 წლის დეკემბერში გორის სამხედრო ჰოსპიტლის წერილი შემოვიდა, რომლითაც სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარის ყიდვას ითხოვდნენ. ვიცოდით, რომ ეს ინვენტარი უნდა შეგვესყიდა. მახასიათებლების დაზუსტება მოვითხოვეთ. ვლადიმერ ღუდუშაურისგან ცნობილი იყო, რომ ტექნიკა უნდა შეეძინათ. როგორც მახსოვს, დიდი ჩამონათვალი იყო“, - განაცხადა მოწმემ.

მას პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა ჰკითხა, ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვინ იღებდა, რაზეც მოწმემ განაცხადა:

„თუ ტექნიკა მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მას უმდაბლესი ფასის მიხედვით არჩევდნენ“. აღნიშნული კითხვა ჯუანშერ ბურჭულაძემ გააპროტესტა.

„ვინ წყვეტდა, რას ნიშნავს? გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიღება კრიმინალია, მთელი პროცესები იყო. კითხვაზე ვინ წყვეტდა, არის პასუხი - არავინ. გადაწყვეტილება ფასთა კვლევის შემდეგ მიიღებოდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, თქვენ [პროკურორი] ეკითხებით, მინისტრი იღებდა თუ არა გადაწყვეტილებასო, სხვა თეორიული პასუხი ამ კითხვას არ მოყვებოდა“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მოწმემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ როგორ ხდებოდა შესყიდვები.

„თუ ტექნიკური მახასიათებლები ჩვენს მოთხოვნებს შეესაბამებოდა, კომისიაზე გადიოდა, მისი წევრები იყვნენ მათ შორის, ვლადიმერ ღუდუშაური, გიორგი ხაინდრავა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ფინანსების დეპარტამენტის უფროსი, მე ვიყავი, ჩემი მოადგილე და ასევე, ლოჯისტიკის საკითხში გყავდა მოწვეული პირები“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

მას კვლავ მიმართა ბურჭულაძემ კითხვით, „ეგულებოდა თუ არა კომპანია, რომელსაც სამედიცინო ინვენტარის მოწოდების გამოცდილება ჰქონდა“, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა