ნიკა ჩერქეზიშვილი - კვერცხზე ფასის შემცირება მაგალითია, როგორ შეიძლება ფასის დროებითი კორექცია სოციალური პასუხისმგებლობის აქტად შეფუთო - ფასის შემცირება იმ ბაზარზე გამოაცხადეს, სადაც ფასი რამდენიმე კვირის წინ გაიზარდა

კვერცხზე ფასის 5%-ით შემცირება კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ფასის დროებითი კორექცია სოციალური პასუხისმგებლობის აქტად შეფუთო - ფასის შემცირება იმ ბაზარზე გამოაცხადეს, სადაც ფასი რამდენიმე კვირის წინ გაიზარდა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხს ჯერ პროდუქტი გაუძვირეს და ახლა ამბობენ, რომ აიაფებენ, - ამის შესახებ სოციალური ქსელში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნიკა ჩერქეზიშვილი წერს.

ჩერქეზიშვილის განცხადებით, კვერცხი იაფდება არა იმიტომ, რომ შემცირდა ხარჯი, გაიზარდა კონკურენცია ან გაუმჯობესდა წარმოების ეფექტიანობა, არამედ ადმინისტრაციული წნეხის გამო და თან იმ ზღვრამდე, რომლამდეც ბიზნესის მოგება უსაფრთხოდ იქნება დაცული.

ჩერქეზიშვილის აზრით, სხვა მიმართულებითაც აღნიშნული სქემის მულტიპლიკაცია მოხდება.

მისივე შეფასებით, მოგებულია მთავრობა და კომპანიები, მოტყუებულია - ხალხი.

„მეგობრებო, მინდა, ერთი შეხედვით, არც თუ ისე მასშტაბურ, მაგრამ სინამდვილეში, „ქართული ოცნების" დიდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მაქინაციას შევეხო, ე.წ. გაზრდილი ფასების შემცირებას, რომლის მომდევნო სერიაც დღეს კვერცხის „გაიაფებით" შემოგვთავაზეს.

ბევრი ნახავდით მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების („კოდა“, „კუმისი", „დილა" და „სავანეთი“) განცხადებას კვერცხზე ფასის 5%-ით შემცირების შესახებ.

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ფასის დროებითი კორექცია შეფუთო როგორც სოციალური პასუხისმგებლობის აქტი, მაშინ, როდესაც რეალური სურათი მოქალაქის ინტერესებს პრაქტიკულად არ ეხება.

დავიწყოთ საბაზისო ფაქტით: ფასის შემცირება გამოაცხადეს იმავე ბაზარზე, სადაც რამდენიმე კვირის წინ ფასი უკვე გაზრდილი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხს ჯერ გაუძვირეს პროდუქტი და ახლა ამბობენ, რომ აიაფებენ.

ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ფაქტობრივად უბრუნდება არა ძველ, არამედ ოდნავ შერბილებულ, მაგრამ მაინც გაძვირებულ რეალობას.

განსაკუთრებულ საყურადღებოა განცხადების ის ნაწილი, სადაც კომპანიები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით.

ეს პირდაპირ აჩენს კითხვას: თუ ფასი მცირდება მხოლოდ პოლიტიკური სიგნალის საფუძველზე, მაშინ რატომ გაიზარდა ის რამდენიმე კვირის წინ იმავე სახელმწიფოში, იმავე პრემიერ-მინისტრის პირობებში?

ასევე, კომპანიები საუბრობენ რისკებზე მარჟებთან მიმართებით. ეს ყველაზე გულწრფელი ნაწილია ამ განცხადებაში. სწორედ აქ ჩანს, რომ ფასის შემცირება არ არის მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ეს არის ზუსტად გათვლილი ნაბიჯი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელისუფლებას მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ ფასებს ამცირებს და მეორე მხრივ, არ დააზარალებს კომპანიების მოგებას. კვერცხი იაფდება არა იმიტომ, რომ შემცირდა ხარჯი, გაიზარდა კონკურენცია ან გაუმჯობესდა წარმოების ეფექტიანობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული წნეხის გამო და თან იმ ზღვრამდე, რომლამდეც ბიზნესის მოგება უსაფრთხოდ იქნება დაცული.

მოგებულია მთავრობაც და კომპანიებიც. მოტყუებულია - ხალხი.

მოკლედ, ეს არის პოპულისტური სარეკლამო ტექსტი, რომლითაც „ქართული ოცნება" ცდილობს მინიმალური ცვლილება წარმოაჩინოს მაქსიმალურ მიღწევად.

სწორედ ორი დღის წინ გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სურსათზე წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%-ია. ზოგი პროდუქტი საერთოდ 15, 20 და მეტი პროცენტით არის გაძვირებული. შესაბამისად, ახლა ამ გაძვირებულ პროდუქტს 5%-ით თუ გააიაფებენ, ეს არის თაღლითობა, პოლიტიკურ-ეკონომიკური მანიპულაცია და არა სოციალური პასუხისმგებლობის აქტი.

ამ კონკრეტულ საკითხს იმიტომ დავუთმე ამდენი დრო, რომ იმავეს იზამენ სხვა შემთხვევებშიც. ერთი-ერთში მოახდენენ ამ სქემის მულტიპლიკაციას. შესაბამისად, არ უნდა მოვატყუებინოთ თავი და დასაწყისშივე ჩავუგდოთ კოვზი ნაცარში“, - აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიები: „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ კვერცხზე ფასს 5%-ით შეამცირებენ.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიღებულია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა