ძალიან სამწუხაროა ის ყველაფერი, რაც ალეკო ელისაშვილის გარშემო ხდება. გვაქვს ბევრ რამეზე უთანხმოება, ვკამათობთ, მაგრამ საბოლოო ჯაში იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მის მიმართ მალე დასრულდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს ციხეში ყოფითი პრობლემები არ აქვს, საკმაოდ მხნედ არის და ციხესიმაგრეებზე წიგნს წერს.
„ნორმალურად არის, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული წუხილები აქვს. ელოდება სასამართლო პროცესს, განაჩენს. აკრძალული აქვს[ოჯახის წევრებთან შეხვედრა] და მთხოვა, რომ მიეცეს საშუალება. როცა ადვოკატთან გაქვს შეხვედრის საშუალება, მისი მეშვეობითაც შეგიძლია სხვისთვის ინფორმაციის გაზიარება და არასრულწლოვან შვილთან შეხვედრა რა პრობლემა უნდა იყოს? ამას, როგორც პრობლემას ავსახავ ჩემს ანგარიშში.
ბუნებრივია, რომ მე მასთან რამდენჯერმე ვიყავი მისული და მომავალშიც გავაგრძელებ. მარტო სახალხო დამცველის რანგში არ მივდივარ ალეკოსთან, ჩემი ბავშვობის მეგობარია და სხვა შემთხვევაშიც მივიდოდი ბუნებრივია. ძალიან სამწუხაროა ის ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. როგორც გარეთ ისე შიგნითაც გვაქვს ბევრ რამეზე უთანხმოება, ვკამათობთ, მაგრამ საბოლოო ჯაში იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მის მიმართ მალე დასრულდება.
ყოფითი პრობლემები არ აქვს. ციხის ადმინისტრაციასთანაც საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა აქვს. საკმაოდ მხნედ არის, ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიაშია. მითხრა, რომ კითხულობს და ციხესიმაგრეებზე წერს წიგნს. ამ წიგნის ირგვლივ მუშაობს და ჯერჯერობით ამითაა გართული. ვარჯიშობს კიდევაც. ყველაზე მეტად შვილებთან შეხვედრა ენატრება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.