დღემდე მომართვა არ ყოფილა და გამოვთქვამ მზაობას, რომ მომართვის შემთხვევაში ჩავერთოთ და მოვიკვლიოთ ყველაფერი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი უშუალოდ მას არ მიემართება, მაგრამ თუ ვინმეს დათხოვნა მოხდება სამსახურიდან, მაშინ ამ პროცესის კანონიერება შეიძლება გახდეს მოკვლევის საგანი.
„გარედან ვაკვირდები ამ პროცესს, ვინაიდან ჩემთვის არავის არ მოუმართავს. გაერთიანების საკითხი უშუალოდ მე არ მომემართება, როგორც სახალხო დამცველს, თუმცა განათლების უფლების ნაწილში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დავრწმუნდე ერთ რამეში - ეს გაერთიანება არ გამოიწვევს განათლების უფლების შეზღუდვას სტუდენტების მიმართ, არ გაუარესდება შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება, არ გაუარესდება ინფრასტრუქტურა, სადაც მათ უწევთ განათლების მიღება. ამის მიღმა, თუ ვინმეს დათხოვნა მოხდება სამსახურიდან, რამდენად კანონიერად მოხდება მათი ჩამოშორება ამ პროცესისადმი, ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ჩვენი მოკვლევის საგანი. ყოველ შემთხვევაში დღემდე მომართვა არ ყოფილა და გამოვთქვამ მზაობას, რომ მომართვის შემთხვევაში ჩავერთოთ და მოვიკვლიოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანმა გადაცემაში ასევე ისაუბრა ბავშვთა დღის ცენტრების, შშმ პირთა თავშესაფრებისა და სოციალური საცხოვრისების მონახულების შესახებ და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებაზე.
იოსელიანის განცხადებით, ამ დაწესებულებებს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით აქვთ საჭიროებები, რომლებიც უზრუნველყოფილი არაა, ხოლო ზოგიერთ მათგანში „ადამიანის ღირსებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო პირობებია“.
„ვისურვებდი, რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს და სახელმწიფო მეტ რესურს ხარჯავდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის მიმართ, როგორებიც არიან შშმ პირები. ესენი არიან ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჯგუფები, რომლებსაც სჭირდებათ 24 - საათიანი მეთვალყურეობა. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მოვლის ხარისხით დამთავრებული, დაფინანსების გაზრდა-გაუმჯობესება, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით [აქვთ საჭიროებები].
არსებობს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების პროგრამა, მაგრამ 18 წლის რომ ხდება ადამიანი, ეს პროგრამა მთავრდება და პრაქტიკულად რჩება ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე და აუტიზმი 18 წლის შესრულებასთან ერთად კი არ გადის, შეიძლება კიდევ უფრო დაუმძიმდეს მდგომარეობა. ძალიან რთულია ასეთი ადამიანების მართვაც, მათთან მუშაობაც. 18 წლამდე ეს თანადგომა რომ არსებობს და მერე რომ უცბად წყდება, ეს ადამიანები რჩებიან მხარდაჭერის გარეშე ამ პრობლემასთან პირისპირ მარტო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას.
ამ დაწესებულებებში იმიტომ მივდივარ, რომ მივიქციო საზოგადოების ყურადღება, იმიტომ ვწერ ანგარიშში, რომ საზოგადოებამ ისაუბროს ამაზე. ეს ყველაფერი არ ჩანს იმიტომ, რომ სახლებში არიან, დაწესებულებებში არიან, ვერ გამოდიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა არ აწუხებთ ძალიან მწვავედ.
ასევე საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენო არის, სოციალური საცხოვრისები, სადაც ასევე ყველაზე მოწყვლადი ადამიანები არიან. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიტუაცია არის გორის სოციალურ საცხოვრისში. ახლახან ჰქონდათ აქციაც, შეეცადნენ მიეპყროთ საზოგადოების ყურადღება. ასევე არის ქუთაისში, საგარეჯოში, ესენია ძალიან მწვავე კერები და სახელმწიფომ თუ მყისიერად არ მიიღო გადაწყვეტილებები, ამ ადამიანების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მძიმე მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ ღირსებასთან შეუსაბამო მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. რომ შეხვიდეთ ამ შენობებში, რთულია მათ შენობა დაარქვა, ეს არის ადამიანის ღირსებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო პირობებში ცხოვრება, განსაკუთრებით ბავშვების. სიმართლე გითხრათ, სამი წელი ხდება, რაც სახალხო დამცველი ვარ და ჯერ არსებით ქმედით შედეგებს ამ ადამიანებთან მიმართებაში, ამ საცხოვრისებთან მიმართებაში ჯერ ვერ მივაღწიე მიუხედავად იმისა, რომ სამი წელია ამაზე ვსაუბრობ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.