სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „მოსკოვის მექანიზმის“ფარგლებში დაკომპლექტებულ ექსპერტთა მისიას მასთან შეხვედრის სურვილი ექნება, შეხვდება და გაუზიარებს იმ ინფორმაციას, რაც „საკმაოდ მწვავედ და მსუყედ ისედაც ასახულია მის ანგარიშებში“.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა ფორმატში მოხდება აღნიშნული მისიის მიერ ფაქტების დადგენა.
„პირველად ხდება საქართველოს მიმართ ასეთი მექანიზმის გამოყენება და ჩემთვის უცნობია, რა ფორმატში მოახდენენ ისინი ფაქტების დადგენას. იმ შემთხვევაში თუ მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი ექნებათ, ბუნებრივია, მე მათ შევხვდები და გავუზიარებ იმ ინფორმაციას, რაც ჩემს ანგარიშში ისედაც საკმაოდ მწვავედ და მსუყედ არის ასახული, 2024-2025 წლის ანგარიშებში. რაღაც დამატებითი ძალისხმევა მე არ დამჭირდება, რომ ამ ადამიანებისთვის რაღაც მოვიკვლიო, ისედაც ყველაფერი არსებობს და თუ დააინტერესებთ, გავუზიარებ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, ეუთო-მ საქართველოს შემთხვევაში „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შესახებ განცხადება 29 იანვარს გაავრცელა. იანვრის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს 24-მა მონაწილე ქვეყანამ გაააქტიურა.
ეუთო არ საუბრობს, კონკრეტულად რა ფაქტები გახდა საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების რეალური საფუძველი და აღნიშნავს, რომ „როდის და რა ფორმით მოხდება მექანიზმის გააქტიურება, მთლიანად ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებზეა დამოკიდებული“.
ეუთო-ს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ეუთო „მოსკოვის მექანიზმით” გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას საქართველო 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით 5 შემთხვევაში შეუერთდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდებოდა.