კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“ გამარჯვებულები გამოვლინდა.
კონკურსის რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია ,,თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართა.“ 7 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები, ფინალისტები და ჟურნალისტები, რომლებმაც ჟიურისგან საგანგებო აღნიშვნა დაიმსახურეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა.
„ბოლო წლების განმავლობაში, ჟურნალისტებმა საქართველოში გამოიჩინეს საოცარი მედეგობა, პროფესიონალიზმი და მზაობა, ემსახურონ საჯარო ინტერესს. ისინი ზრუნავენ, რომ მოქალაქეებმა იცხოვრონ რეალურ და არა დამახინჯებულ სამყაროში, სადაც ბატონობს შიში, გამოგონილი ამბები და კონსპირაციული თეორიები,“ თქვა ევროკავშირის ელჩმა დაჯილდოების ცერემონიის გახსნისას.
2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები არიან:
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ონლაინმედიაში: ნინო თარხნიშვილი - რადიო თავისუფლება (გამარჯვებული); ნასტასია არაბული - რადიო თავისუფლება (ფინალისტი); ნათია ამირანაშვილი - პუბლიკა (ფინალისტი); მიხეილ გვაძაბია - OC Media (საგანგებო აღნიშვნა).
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში: ბასტი მგალობლიშვილი - პუბლიკა (გამარჯვებული); ელისაბედ ციციშვილი - ტელეკომპანია ”ფორმულა” (ფინალისტი); ეკა ქევანიშვილი - რადიო თავისუფლება (ფინალისტი); თეა დავაძე - რადიო მარნეული (საგანგებო აღნიშვნა).
საუკეთესო საგამოძიებო სტატია/სიუჟეტი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში: სტუდია მონიტორი (გამარჯვებული); აიდან იუსუბოვა - აი, ფაქტი (ფინალისტი); ცქრიალა შერმადინი - სტუდია მონიტორი (ფინალისტი); თამუნა ქიმაძე - აი, ფაქტი (საგანგებო აღნიშვნა).
საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში: მინდია გაბაძე - პუბლიკა (გამარჯვებული); ნათია კუპრაშვილი - ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (ფინალისტი); ნინია კაკაბაძე - მედიაჩეკერი (ფინალისტი); თამთა ჯანაძე - Youtube არხი “ჩემი აუტანელი ოჯახი” (საგანგებო აღნიშვნა).
ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში: თამუნა ჩქარეული - პროექტი 64 (გამარჯვებული); გიორგი ჩხვიმიანი - იორმუღანლოს ხმა (ფინალისტი); სანდრო გვინდაძე - რადიო თავისუფლება (ფინალისტი).
საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო: ნათია ლევერაშვილი - პუბლიკა (გამარჯვებული); ალექსანდრე ქეშელაშვილი - პუბლიკა (ფინალისტი); თაკო რობაქიძე - Chai Khana Media (ფინალისტი).
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში: არსენ სებისკვერაძე - მედსკრიპტუმი/ (გამარჯვებული); მარიამი ყვავაძე - ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (ფინალისტი); მარიამ რამაზაშვილი - NEXT.On.ge (ფინალისტი).
საკონკურსო ნაშრომები შეაფასა მედიის პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელსაც საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა. ჟიურის შემადგენლობა:
მაგდა მემანიშვილი - ჟურნალისტი. 2002 წელს დაასრულა ჟურნალისტიკის მაგისტრატურა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011 წელს იმავე უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის დისერტაცია, რომელიც სწავლობდა პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცემულ გაზეთებს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში.
2002-2016 წლებში აქტიურად საქმიანობდა ჟურნალისტიკაში და სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში მუშაობდა (გაზეთები და ტელევიზია). 2007-2014 წლებში მუშაობდა გამოძიებით ჟურნალისტურ ორგანიზაციაში „სტუდიო მონიტორი“.
აკადემიურ საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან, ხოლო 2003-2020 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრი. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ჟურნალისტიკის ბაკალავრის პროგრამას საერთაშორისო შავ ზღვის უნივერსიტეტში, სადაც ასევე ასოცირებული პროფესორია.
ეკატერინე ფირცხალავა – 28–წლიანი გამოცდილება მედია ინდუსტრიაში და 18 წელი საგანმანათლებლო სფეროში. ჟურნალისტის კარიერა ფრილანსერად ტელეკომპანია რუსთავი-2-ში დაიწყო და რამდენიმე წელიწადში გახდა ჯერ რადიოს, შემდეგ კი ტელევიზიის ხელმძღვანელი. როგორც ტრენერი და კონსულტანტი, წლების განმავლობაში მუშაობდა ორგანიზაციებში: Internews, OSGF, USAID-IREX, DW Academy, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი ონლაინ მედიის განვითარებაში.
როგორც ლექტორი, სწავლება დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ IBSU-ში, ხოლო ამჟამად აგრძელებს თანამშრომლობას ვებსტერის უნივერსიტეტთან.
მამუკა ანდღულაძე მედიის უფლებების დამცველია. ის ხელმძღვანელობს მედიის ადვოკატირების კოალიციას, რომელიც 16 წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ჟურნალისტების და მედიის ინტერესების დაცვა. მამუკა ანდღულაძეს მიღებული აქვს მაგისტრის და დოქტორის ხარისხი მედია სამართლის დარგში გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. მამუკა ანდღულაძე არის არაერთი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც ეხება მედია გარემოს და ჟურნალისტთა უფლებებს.
გურამ წიბახაშვილი 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული 90-მდე გამოფენაში, მათ შორის ჩატარებული აქვს 20-მდე პერსონალური გამოფენა. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე. 2007–2009 წლებში იყო ჟურნალი „ამარტა ფოტოს“ თანარედაქტორი. 2007 წლიდან დღემდე არის „თბილისის ფოტოგრაფიის სახლის“ თანადამფუძნებელი. კითხულობდა ლექციებს ფოტოგრაფიაზე საქართველოს ორ უნივერსიტეტში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი. ასევე არის თბილისში პირველი ფოტო-გალერეა „კონტეინერის“ თანადამფუძნებელი.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მომდევნო საკონკურსო წელს, 2026 წლის 3 მაისს გამოაცხადებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.