საქართველოს ეროვნული ბანკი - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - „სტაბილურზე“ შეინარჩუნა

გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშის მიხედვით, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, S&P Global ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მკვეთრად, წლიურად დაახლოებით 38%-ით გაიზარდა და დეკემბერში რეკორდულ მაქსიმუმს, 6.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

„სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, დაგროვება ასახავს ფაქტორების ერთობლიობას, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ 2.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი წმინდა უცხოური ვალუტის შესყიდვებს, ოქროს აქტივების ღირებულების ზრდას, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას და ფულადი გზავნილების შემოდინებას.

თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონით, ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, სტაბილურ საკრედიტო ზრდით კვლავ მომგებიანი რჩება გონივრული ზედამხედველობის ფარგლებში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აქტივების ხარისხი მაღალია, ხოლო უმოქმედო სესხები 2025 წლის ნოემბერში დაბალ, 2.6%-იან დონეზე შენარჩუნდა.

„ჩვენი ხედვით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მმართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიმოხილვაში.

S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2026 წელს საშუალოდ 3.5% იქნება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა