კახა კალაძე - გარედან დაფინანსებულ აქციაზე „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ

გახსოვთ, გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს, საუბარი იყო „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმებაზე - დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა

მისივე თქმით, აღნიშნული კანონი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო.

„დავიწყოთ იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული კანონი ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, როგორი შემოტევა, შეურაცხყოფა, ცილისწამება იყო. მაშინ გახსოვთ გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს, საუბარი იყო აღნიშნული კანონის გაუქმებაზე, არგუმენტი არავის ჰქონდა, თუ რატომ უშლიდა აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ გზას, დემოკრატიულ პროცესებს. დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყნის შიდა პოლიტიკის გარე ძალების მიერ დაფინანსება ყველა ქვეყნისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

„ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყანა იმოქმედებდა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა. კატეგორიულად მიუღებელია გარედან ფინანსდებოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკა. ეს პირდაპირ ჩარევა არის ჩვენს საქმიანობაში. შემოდიოდა თანხები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აფინანსებდნენ ვითომ კეთილ პროექტებს. რეალურად კი თანხები მიდიოდა პოლიტიკაში, თანხები იხარჯებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, იყო არაერთი მცდელობა რევოლუციის მოწყობის, საზოგადოების გახლეჩის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის. ეს ყოველივე კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ იცოდეს, საიდან შემოდის ქვეყანაში თანხები და რა საქმიანობისთვის იხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს