ლევან ბეჟაშვილი - რეზო კიკნაძესა და მის თანასაკნელებს ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვა დაუწესდათ - ასევე, ჩემი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს შეზღუდვა მეორე კორპუსში მყოფ ყველა სინდისის პატიმარს დაუწესდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულებს, მათ შორის, რეზო კიკნაძესა და მის თანასაკნელებს ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვა დაუწესდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბეჟაშვილი აცხადებს, მას აღნიშნული ინფორმაცია პატიმარმა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ მიაწოდა.

ბეჟაშვილის თქმით, მსჯავრდებულებს სატელეფონო ზარის განხორციელება ყოველდღიურ რეჟიმში, განკუთვნილი დროით შეეძლოთ, თუმცა, ახალი შეზღუდვით, მათ დარეკვა მხოლოდ 10 დღეში ერთხელ შეეძლებათ.

„გუშინ, გლდანის ციხეში მოვინახულე პოლიტპატიმარი ირაკლი ნადირაძე და მთხოვა, რეზო კიკნაძის და სხვა სინდისის პატიმრების თხოვნა გადმომეცა. მათ დაუწესდათ შეზღუდვები, სატელეფონო კავშირი საზოგადოებასთან, მედიასთან, ოჯახთან, ახლობლებთან. მათ ყოველდღე, 15 წუთი შეეძლოთ ესაუბრათ თავიანთ ახლობლებთან, მათ ამის შესაძლებლობა 10 დღეში ერთხელ ექნებათ. ისინი ამ შეზღუდვას მათ სატელევიზიო ჩართვებს, მედიასთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციას უკავშირებენ. ხელისუფლება ცდილობს ეს საშუალება მათ შეუზღუდოს, მოუსპოს, ვინაიდან ციხიდან ნათქვამი მართალი, ობიექტური სიტყვა, საზოგადოების გამხნევება დღეს ხელისუფლებისთვის საფრთხის წყაროა, ისინი ამ შეზღუდვებს სწორედ მათ ამ აქტივობებს უკავშირებენ.

მათივე გადმოცემით ეს შეზღუდვა რეზო კიკნაძეს და მის საკანში მყოფ სხვა სინდისის პატიმრებს დაუწესდათ. ასევე, ჩემი დაუზუსტებელი ინფორმაციით, მეორე კორპუსში მყოფ ყველა სინდისის პატიმარს დაუწესდა ეს შეზღუდვა, თუმცა, ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი ინფორმაციაა და საჭიროებს დაზუსტებას. რეზო კიკნაძეს და მის თანასაკნელებს რომ შეზღუდვა დაუწესდათ, მათი გადმოცემით ამ ინფორმაციას გაწვდით.

საზოგადოებისათვის ასევე ცნობილია, რომ პოლიტპატიმრებს, ირაკლი ნადირაძეს, ლევან ხაბეიშვილს, მურთაზ ზოდელავას და სხვებს, შეზღუდული აქვთ კომუნიკაცია მათ ოჯახის წვერებთან, არასრულწლოვან შვილებთან, იმ ადამიანებთანაც კი, რომელთაც არც კი აქვთ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი და გამოძიებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ასეთ ოჯახის წევრებთანაც კი შეზღუდული აქვთ კომუნიკაცია“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული შესაძლო შეზღუდვა რეზო კიკნაძის გარდა, ირაკლი ქერაშვილს, გური მირცხულავას და თორნიკე გოშაძესაც დაუწესდათ.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნული მსჯავრდებულების ადვოკატებს დაუკავშირდა, რომელთაც ამ ფაქტთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. უფლებადამცველები დეტალების გარკვევას ორშაბათს შეძლებენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა