სტუდენტების ნაწილი განათლების მინისტრთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების ნაწილმა განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრა მოითხოვა

.

მათი თქმით, სტუდენტები მზად არიან უახლოეს დღეებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, რათა პასუხები მიიღონ კითხვებზე.

როგორც სტუდენტმა ბექა ბაქაქურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტის მომავალზე მსჯელობა მათ გარეშე, რადგან ამ ინსტიტუციის მთავარი საყრდენი სწორედ მისი სტუდენტები არიან.

"დღეს 8 თებერვალია. ეს დღე არ არის უბრალო თარიღი, ესაა 108 წელი ქართული სახელმწიფოებრივი აზრის, აკადემიური თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინტელექტუალური წინააღმდეგობის ისტორია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და რჩება იმ სივრცედ, სადაც ჩამოყალიბდა საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, სადაც მეცნიერება და განათლება არასდროს ყოფილა ხელისუფლებებზე უპირატესი, სადაც უნივერსიტეტის იდეა ყოველთვის იდგა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების პრინციპებზე. თსუ არ არის უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. იგი არის ეროვნული თვითშეგნების, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და აკადემიური ღირსების ინსტიტუციური გამოხატულება. სწორედ ამიტომ, მისი იდეისა და ინსტიტუციური მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს არა მხოლოდ სტუდენტური თუ პროფესიული ჯგუფების ინტერესს, არამედ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ვალდებულებას. უნივერსიტეტი, რომელმაც გადაიტანა ოკუპაცია, რეპრესიები და პოლიტიკური ზეწოლა, ვერ და არ უნდა გახდეს ნაჩქარევი ადმინისტრაციული ექსპერიმენტების მსხვერპლი. თსუ-ის 108-წლიანი ისტორია გვავალდებულებს, რომ დავიცვათ მისი ავტონომია, უნიკალური აკადემიური პროფილი და ის უნივერსალური იდეა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი არის თავისუფალი აზრის სივრცე და არა ხელისუფლების მიერ მართვადი სტრუქტურა. თუმცა, დღეს ეს ღირებულებები საფრთხის ქვეშაა.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. ყველა ვთანხმდებით, რომ უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, თუმცა ნებისმიერი ასეთი მასშტაბური სტრუქტურული ცვლილება პირდაპირ გავლენას ახდენს აკადემიურ თავისუფლებაზე, აკადემიური საზოგადოების უფლებებსა და სასწავლო გარემოს სტაბილურობაზე.

შესაბამისად, პროცესის მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა, რომელიც ამ დრომდე რჩება პასუხგაუცემელი. ის მოკლებულია ყოველგვარ გამჭვირვალობას. ინფორმაციის ნაკლებობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო მხარეების ფაქტობრივი იგნორირება კი ქმნის გაურკვევლობას. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ რეფორმასთან, არამედ უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვისა და ნაჩქარევი ოპტიმიზაციის მცდელობასთან. ბუნდოვანია, როგორ აპირებს სამინისტრო ორი სრულიად განსხვავებული პროფილისა და ტრადიციის მქონე ინსტიტუციის შერწყმას ისე, რომ არ დაზიანდეს მათი იდენტობა და უნიკალურობა. რამდენიმე კვირაა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, კულუარული ინფორმაციების, გაურკვევლობისა და იზოლაციის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი უნივერსიტეტების ბედი, მათი ავტონომია და ათიათასობით ადამიანის მომავალი წყდება დახურულ კარს მიღმა, იქ, სადაც ჩვენი ხმა არ ისმის.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ, აღნიშნული საკითხით დაინტერესებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, არ მივეკუთვნებით არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ პოლიტიკურ მოძრაობას ან ჯგუფს. ჩვენი პოზიცია თავისუფალია პარტიული თუ იდეოლოგიური ინტერესებისგან და ეფუძნება მხოლოდ აკადემიურ და ინსტიტუციურ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვამოძრავებს ორი ინტერესი: პირველი - ვიყოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური მემკვიდრეობის, აკადემიური ავტონომიისა და ისტორიული როლის დამცველები; მეორე - უზრუნველვყოთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესი განხორციელდეს აკადემიური სფეროს წარმომადგენლების უშუალო და სრულფასოვანი ჩართულობით.

აქედან გამომდინარე, თუ სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ორი უმსხვილესი უნივერსიტეტის გაერთიანება სისტემური წინსვლაა და არა მათი დასუსტების მცდელობა, მაშინ ვალდებული ხართ, გამოხვიდეთ კაბინეტიდან, დადგეთ სტუდენტების წინაშე და დაგვისაბუთოთ ის სიმართლე, რომელზეც ასე დარწმუნებით საუბრობთ. სტუდენტები, ვაცხადებთ მზადყოფნასა და სურვილს, უახლოეს დღეებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევხვდეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს, რათა მივიღოთ პასუხები არსებულ კითხვებზე. მიგვაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის გადაწყვეტილებები საჭიროებს გამჭვირვალე პროცესს, აკადემიური საზოგადოების სრულფასოვან ჩართულობასა და არგუმენტირებულ საჯარო განხილვას.

მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა დაინტერესებულ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს, გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო, მხარი დაუჭიროთ აღნიშნულ ინიციატივას პეტიციის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქზე ჰეშთეგით #შეგვხვდი.

კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტის მომავალზე მსჯელობა ჩვენს გარეშე, რადგან ამ ინსტიტუციის მთავარი საყრდენი სწორედ მისი სტუდენტები არიან.

თავისუფლება, ავტონომია და დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს",-განაცხადეს სტუდენტებმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა