„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
როგორც მან აღნიშნა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ბრალად წაყენებული ქმედების განხორციელებას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისკენ, ან სხვა ძალადობრივი ქმედებისკენ.
„საბოტაჟის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საქმე განიხილოს თუ არა სასამართლომ არსებითად. რა თქმა უნდა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ბრალად წაყენებული ქმედების განხორციელებას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისკენ, ან სხვა ძალადობრივი ქმედებისკენ. აღნიშნული არის ფორმულირებული ბრალდებაში, თუმცა პროკურატურის მიერ ერთი მტკიცებულებაც კი არ ადასტურებს იმას, რომ აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვის, მით უფრო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების. სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეს საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია სამართალთან, ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც გრძელდება პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე“,- განაცხადა ჭავჭანიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.