„თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს წევრის, რევაზ აფხაზავას განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები საქართველოს განათლების სისტემასთან მიმართებით არათანმიმდევრული და დამაზიანებელია.
აფხაზავამ აღნიშნული შეფასება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ გააკეთა, რითაც შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არ გაერთიანების შესახებ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებაზე უარი ითქვა, ხელისუფლებამ ფაქტობრივად დააანონსა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება, რაც სტუ-სთვის პოზიტიურ გადაწყვეტილებად ვერ შეფასდება.
„ე.წ. ხელისუფლების არათანმიმდევრულობა არის საარაკო. ასევე, არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა იყოს ბედნიერი, რადგან გაერთიანებაზე ითქვა უარი, სამაგიეროდ, დაანონსდა სტუ-ს გაუქმება. ამავე დროულად, 90-იანებში დაბრუნებაც გამოცხადდა. ვისაც ახსოვს 90-იანი წლებში როგორი იყო საქართველოს განათლების სისტემა, არ მგონია, ვინმეს უნდოდეს იქ დაბრუნება.
15 წელია საქართველოში განათლების დაფინანსება არც შეცვლილა. მაშინ რომ დადგინდა ერთ სტუდენტზე 2 250 ლარი დღემდე ფასი არ შეცვლილა. სტუ-მ მაშინ გახსნა სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებები, რადგან შეენარჩუნებინა და ერჩინა ტრადიციული მიმართულებები. ეს ხალხი ისე გველაპარაკება, თითქოს, წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში და მანამდე ჩვენ ვიყავით“, - განაცხადა აფხაზავამ.
მისი თქმით, ჰუმანიტარული მიმართულებების გაუქმებისა და პროფესორების საკითხთან დაკავშირებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი და გაუგებარია.
აფხაზავას შეფასებით, „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქის“ მიდგომა დამღუპველია და საბოლოოდ, უმაღლესი განათლების სისტემის დასუსტებას ემსახურება.
ამასთან, აფხაზავამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები პროტესტის ეფექტიანობას ადასტურებს და ხელისუფლების ნაბიჯები ტაქტიკურ უკან დახევად უნდა შეფასდეს.
„მე ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად. წარმომიდგენია იმ პროფესორებმა როგორ იგრძნეს. დასცინეს, გაანადგურეს და შემდეგ თქვეს, რო სტუ-ს ჰუმანიტარული მიმართულებები დაჩაგრული ჰყავსო. ახლა ამბობენ ჰუმანიტარულ მიმართულებებს საერთოდ გავაუქმებთო, პროფესორებს არ გავუშვებთო. რანაირად?
ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი რასაც ნიშნავს, ეს არის მთავარი დამღუპველი. სინამდვილეში მათი მთავარი მიზანია, უმაღლესი განათლების დასამარება, რასაც ესენი აღწევენ.
ესეც არის მაგალითი იმისა, რომ პროტესტს აქვს აზრი და შედეგი, ეს არის ტაქტიკური უკან დახევა“, - განაცხადა აფხაზავამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა. დღეს, 9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს რექტორთან და პროფესორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ახლდა. განცხადება გაავრცელა თსუ-ის სენატმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობითი ორგანო მიიჩნევდა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყვეტილიყო და გაგრძელებულიყო მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია. თავის მხრივ კი, განცხადება გაავრცელა სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ. მათი განმარტებით, არ ეთანხმებოდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმის გზით. საბჭო ასევე სთხოვდა მთავრობას, შეეჩერებინა პროცესი, ვიდრე არ შედგებოდა განხილვა და არ იქნებოდა უნივერსიტეტის თანხმობა.