აშშ-მა და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის "სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი.
ცნობისთვის, რეგიონში სომხეთსა და აშშ-ს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” ხელი 2025 წლის იანვარში მოეწერა. რაც შეეხება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან მაშინდელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო აშშ-ის მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსა და აშშ-ის შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” მოქმედება 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა “ქართული ოცნების ანტი-დემოკრატიული ქმედებების” ფონზე.