დღეს შედარებით ადვილია იმაზე საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. 4 წლის წინ ეს მეტ სირთულეს წარმოადგენდა - ევროკავშირის ქვეყნებიდან რიგრიგობით ჩამოდიოდა მაღალი საგარეო პოლიტიკური წარმომადგენლობა და ზოგჯერ აღწევდნენ იმას, რომ ემოციის ტალღაზე მყოფ ქართველებს, ხშირად ახალგაზრდებს, ტაში დაეკრათ, რათა საქართველო ომის გზას გაჰყოლოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, საბოლოოდ, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, მაგრამ „თურმე, ევროპა რუსეთთან ერთად აპირებს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას“.
„დღეს შედარებით ადვილია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. 4 წლის წინ, ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენდა. სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იყო ის წინახაზელი, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას და საზოგადოება მოამარაგა სიმართლით. ჩვენ ყველამ ერთად, ამ სასიცოცხლო ვითარებიდან გამოვიყვანეთ ჩვენი ქვეყანა. ალბათ, ყველას გახსოვთ, როდესაც პოლიტიკა სრულად კულისებში იყო ჩაკეტილი და საჯარო პოლიტიკა ასცდა რეალობას. ეს ძალიან დიდი საფრთხე იყო. გაწყვეტილების მიმღებებზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, რომ საქართველოს ის დაკვეთილი პოლიტიკა განეხორციელებინა, რაც რეალურად მოზიარეს გახდიდა ბედისა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს უკრაინას ერგო. სანქციები, რა თქმა უნდა, ესეც იყო გზა ომისაკენ, დესტრუქციისაკენ, საქართველოს სასიცოცხლო რისკების გაზრდისაკენ. გახსოვთ, ალბათ, არაერთი რეზოლუცია. ასევე, გახსოვთ, როდესაც მებრძოლების გაგზავნას სთხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას. ესეც იყო პირდაპირი გზა ომისაკენ. უფრო მეტიც, იარაღის გაგზავნას უკვეთდნენ საქართველოს. წარმოიდგინეთ, ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, ჩვენ რომ იარაღი გაგვეგზავნა, ეს იქნებოდა მყისიერი სამხედრო დარტყმა საქართველოზე რუსეთის მხრიდან. რისკებს შეიცავდა, რა თქმა უნდა. ამაში ჩართული იყო „ენჯეო“ სექტორი, მსხვილად დაფინანსებული, ყველაზე აქტიური წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს ექაჩებოდა ომისაკენ და უქადდა ცხელი ბომბების ცვენას საკუთარ სამშობლოში. თუმცა ისინი სამშობლოს საკუთრად არ აღიქვამენ და აღიქვამენ მხოლოდ იმას, რომ დაკვეთა უნდა შეასრულონ.
ოპოზიციისაგან მუდმივად გვესმოდა, რომ „დიახ,ომი გვინდა“. არაერთი განცხადება მოგისმენია და ეს ნარატივი იყო მათი ძირითადი ხაზი. აი,ამ საყოველთაო სიგიჟეში გვიწევდა ცხოვრება. ამას ყოველდღიურად ვისმენდით. მიტინგზეც, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციებზე დაიწყეს სპეკულირება და სცადეს, რომ თავად ახალგაზრდებისთვის, ქართველი საზოგადოებისთვის მიეღებინებინათ მისივე საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, რიგრიგობით ჩამოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი საგარეო პოლიტიკური წარმომადგენლობა და ზოგჯერ აღწევდნენ, რომ ემოციის ტალღაზე მყოფ ქართველებს, ხშირად ახალგაზრდებს, ტაში დაეკრათ იმისათვის, რომ საქართველო ომის გზას გაჰყოლოდა. ჩვენ შევძელით, რომ ამ სიგიჟიდან გამოვსულიყავით.
ბოლოს მივედით იქამდე, რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, მაგრამ თურმე, ევროპა რუსეთთან ერთად აპირებს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას. ეს მაშინ, როცა გამჭვირვალობაც, სუვერენიტეტზე ზრუნვაც, მშვიდობაზე ზრუნვაც რუსული ყოფილა. ეს, რა თქმა უნდა, იყო საფრთხე და არის დღესაც. ამიტომ, „ხალხის ძალა“ ყოველთვის მზად არის, რომ, როცა კი საჭირო გახდება, ნებისმიერი წინა ხაზი დაიკავოს სამშობლოსათვის და საზოგადოებისათვის, მათი უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ მარტო ვერ შევძლებდით ამას, ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა რომ არ განეხორციელებინა. დღეს ვართ ოპოზიცია. ეს არ არის მოჩვენებითი ოპოზიცია. ბევრ საკითხში ვაჩვენებთ ზოგჯერ განსხვავებულ აზრს, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც“, - განაცხადა ხუნდაძემ.