ბაკურ კვაშილავა - „ქართული ოცნებისთვის“ კანონები არის ერთ-ერთი დამატებითი ინსტრუმენტი, რათა თავისი უკანონო ხელისუფლება გაიმყაროს - ასეთი ხელისუფლება დიდ ხანს ვერ გაძლებს, ეს არის აბსურდის თეატრი

„ქართული ოცნებისთვის“ კანონები არის ერთ-ერთი დამატებითი ინსტრუმენტი, რათა თავისი უკანონო ხელისუფლება გაიმყაროს - ასეთი ხელისუფლება დიდ ხანს ვერ გაძლებს. ეს არის აბსურდის თეატრი, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გვთხოვს ვაღიაროთ მათი ლეგიტიმაცია, რაც მიუთითებს, რამდენად მტკივნეულია ეს საკითხი „ქართული ოცნებისთვის“.

„გარდა იმისა, რომ ეს „ოცნების“ სისუსტეზე მიუთითებს, ცოტა გარედან რომ შევხედოთ, ქრესტომათიული მაგალითი იქნება იურიდიული ლიტერატურისთვის, რომელიც გვეტყვის, როგორ შეიძლება კანონის დაცვით მიღებული კანონები, ამავდროულად იყოს აბსოლუტურად უკანონო. ეს არის მაგალითი, როდესაც შეიძლება უკანონო კანონები არსებობდეს, რომელიც, ლეგალისტურად თუ შევხედავთ, ყველა წესის მიხედვით არის მიღებული, მაგრამ შინაარსობრივად აბსოლუტურად უსამართლოა, ისეთივე უსამართლო, მაგალითად რომ გამოსულიყო კანონი, რომელიც გვეტყოდა, რომ ყველამ აუცილებლად 20 წუთით მაინც უნდა უყუროს „იმედს“ ან იმისთვის, რომ პატრიოტიზმი ჩამოუყალიბდეს ადამიანს, აუცილებლად უყუროს შალვა რამიშვილის გადაცემას.

დაახლოებით ამ მიმართულებით მიდის დღეს „ქართული ოცნება“, რაც ერთი მხრივ, სასაცილო იქნება ჩვენი უახლესი ისტორიისთვის. ფაქტია, ასეთი ხელისუფლება დიდ ხანს ვერ გაძლებს. ეს არის აბსურდის თეატრი, რომელიც შემდეგ სასაცილოდ გვექნება, როგორც ჩვენ კასპიის გადაღმა მეზობლებს დავცინოდით, როცა საკუთარი დედის სახელს არქმევდა კვირის რომელიღაც დღეს და მეორეს, თავის მიერ დაწერილი წიგნის. „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, გვთხოვს, ვაღიაროთ მისი ლეგიტიმაცია, რაც იმაზეც მიუთითებს, თუ რამდენად მტკივნეულია ეს საკითხი „ქართული ოცნებისთვის“ - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის გეგმის შესახებაც.

„გეგმებზე უკეთ გამოჩნდება ის ქმედებები, რომელსაც ოპოზიცია გააკეთებს. როდის? მალე. 8 თებერვალს [საზოგადოებას] გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორ უნდა შედგეს საზოგადოებრივი თანხმობა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ცივილიზაციას. საქართველო ახლა არ არის ცივილიზაციის ნაწილი. ხალხს ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რაც ჰქონდა ხოლმე იყო: „გახსენდებით, მხოლოდ მაშინ, როცა არჩევნებია“. „თავისუფლების მოედანი“ ხალხთან მისვლის კამპანიას იწყებს მაშინ, როდესაც არჩევნები არ არის და ვერავინ გვეტყვის იმას, რომ აი, თქვენ არჩევნებისთვის მოხვედითო. ვთვლი, რომ ასეთი, ნელ-ნელა, ქვემოდან ზემოთ მოძრაობა იქნება ისეთი რამ, რომელიც შეარყევს იმ ინერტულ ბაზას, რასაც ეყრდნობა დღეს „ქართული ოცნება“, -განაცხადა კვაშილავამ.

რაც შეეხება საკითხს, რომელიც ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატების გამართვას, კვაშილავას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ 2020 წლიდან მოყოლებული არ სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

„მე არ მგონია რაიმე ეჭვებს აჩენდეს „ქართული ოცნებისთვის“ [ამ საკითხზე დებატების გახსნა]. „ქართულ ოცნებას“ 2020 წლიდან მოყოლებული არ სურს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. რეალურად არ სურს ამის გაკეთება და არ სურს ერთადერთი მიზეზის გამო - ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის არსებობას. რეალური დემოკრატიის არსებობა ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ტარდება თავისუფალ და თანასწორ გარემოში და თავისუფალ და თანასწორ გარემოში „ქართული ოცნება“ ვერასდროს გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

მისი თქმით, “ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელსაც არაფრად მიჩნია ეროვნული ინტერესი.

„მათი ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ შეუზღუდავად, კრიტიკის, ზედამხედველობის გარეშე განაგრძონ ამ ქვეყანაში ფულის არალეგალურად მითვისება, როგორც ამას წინა ორგზის პრემიერი და მთელი მათი მთავრობა აკეთებდა. ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს და ეს ეჭვი არის დღეს, საქართველოს ციხეებში. ამაზეა საუბარი, თორემ შენ როგორ „გააპრავებ“იმას, რომ, ევროკავშირი არ მოგწონს, სხვა ამბავია. მთავარია რის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს დემოკრატია“, - განაცხადა კვაშილავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა