მოვუწოდებთ შესაბამის თანამდებობის პირებს, ადეკვატური კვალიფიკაციით გაგრძელდეს გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს 29 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას, შეწყდეს ოპოზიციონერი ლიდერის უფლებების განგრძობადი დარღვევა, ალეკო ელისაშვილის დემონიზაციის კამპანია, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაღრმავდება კითხვები, ერთადერთი პასუხი კი ამ კითხვებზე იქნება ის, რომ ალეკო ელისაშვილი არის სუს-ის ხელმძღვანელის პირადი შურისძიების ობიექტი, პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნის მსხვერპლი.
„ალეკო ელისაშვილის დაკავების და დაპატიმრებისთანავე აკრძალული აქვს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრა, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია იმ დასაბუთებით, რომ ზემოქმედება არ მოახდინოს საქმის მოწმეებზე, რომლებიც არიან სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები. რამდენად არალოგიკურია, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლებზე ზემოქმედების აკრძალვის მიზნით, აკრძალული გქონდეს ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
ეს ჩვენს სამართლებრივ პრაქტიკაში ერთადერთი საქმეა, რომელიც მიმდინარეობდა ქონების დაზიანების მცდელობის ბრალდებით 2 დღის განმავლობაში, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებების შემდეგ, რომ ეს იყო არა ქონების დაზიანება, არამედ ტერორისტული აქტი, ქმედება გადაკვალიფიცირდა, გამოძიება გაგრძელდა ტერაქტის მცდელობის მუხლით.
ეს ერთ-ერთი არალოგიკური განვითარებაა. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს და დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპია ადამიანის უფლებების დაცვა, მოვუწოდებთ შესაბამის თანამდებობის პირებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, ადეკვატური კვალიფიკაციით გაგრძელდეს გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს 29 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას, შეწყდეს ოპოზიციონერი ლიდერის უფლებების განგრძობადი დარღვევა, მისი დემონიზაციის კამპანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაღრმავდება აღქმა, კითხვები და ერთადერთი პასუხი ამ კითხვებზე იქნება ის, რომ ის არის სუს-ის ხელმძღვანელის პირადი შურისძიების ობიექტი, არის პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნის მსხვერპლი. მის მიმართ გამოტანილი რუსული განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მსხვერპლი“, - აღნიშნავს ადვოკატი.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.